ევროპის ჩემპიონატი იწყება - პრევიუ | პირველ დღეს ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით წარდგება.
23 აპრილს, კონტინენტის პირველობის პირველი საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ.
60 კგ
60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.
სარდალაშვილი D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. გიორგის მეტოქე, უნგრელ და ბულგარელ ძიუდოისტებს შორის გაირკვევა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძიუდოს ექსპერტების აზრით, გიორგი სარდალაშვილს ბრწყინვალე ბადე აქვს იმისათვის, რომ მინიმუმ ფინალურ ბლოკამდე მივიდეს.
66 კგ
66 კგ წონითი კატეგორია გაორებული გვაქვს, სადაც მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე იასპარეზებენ.
მოქმედი ჩემპიონი - ვაჟა მარგველაშვილი C ბადეშია, სადაც ასპარეზობას გერმანელ მეტოქესთან - მარტინ სეტზთან იწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, 1/8-ფინალში, იტალიელ - ელიოს მანცისა და უნგრელ - ბალინტ გომბას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, ქართველი ძიუდოისტი განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც უკრაინელ - ნაზარ ვისკოს შეხვდება. უკრაინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, იგი ისრაელის წარმომადგენელ - გაი გუტმანს დაუპირისპირდება.
48 კგ
48 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ, 20 წლის - ჯულიეტა როდონაია იჭიდავებს.
20 წლის ქართველი ასპარეზობას D ბადეში იწყებს და განუთესავია, სადაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელ - მარინა ვორობევას დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე აიღებს სტარტს.