Belive

ევროპის ჩემპიონატი, დღე II - პრევიუ | ტატამზე 4 ქართველს ვიხილავთ

3 კვირის წინ სხვა
3 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.

საქართველოს ნაკრებს მძიმე სტარტი ჰქონდა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით ნაადრევად გავარდნენ - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე და ჯულიეტა როდონაია. თუმცა, დღე მაინც ტრიუმფით დავასრულეთ, რადგან 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობას, ევროპის ჩემპიონობაც მიუმატა. მან ფინალში რუსი მეტოქე - აიუბ ბლიევი დაამარცხა.

ასე და ამგვარად, პირველ საშეჯიბრო დღეს, პირველი ოქროს მედალი ჩვენს ანგარიშზეა. წინ კი მეორე და ძალიან საინტერესო საშეჯიბრო დღეა, სადაც 4 ქართველს ვიხილავთ.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ, ლეგენდარული - ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს და შეეცდება, რომ კონტინენტის პირველობაზე მეექვსე მედალი მოიპოვოს.

შავდათუაშვილს საქმეს ერთიორად ისიც უმარტივებს, რომ საოცარ ფორმაში მყოფი აზერბაიჯანელი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი კონტინენტის პირველობას ტრავმის გამო მოეხსნა.

ლაშა D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, ჩეხურ-კვიპროსულ დაპირისპირებაში გაირკვევა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა მარტივ ბადეში არ არის მოხვედრილი და მის ბადეში ისეთი ძიუდოისტები იასპარეზებენ, როგორებიც არიან: აკილ გიაკოვა, ვიქტორ სტერპუ და რუსლან ჰალავაჩუ.

57 კგ

57 კგ წონითი კატეგორია გაორებული გვაქვს, სადაც ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იასპარეზებენ.

ეთერ ლიპარტელიანი A ბადეშია განთესილი, შესაბამისად ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ესპანურ-რუსულ დაპირისპირებაში გაირკვევა.

რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, 20 წლის ქართველი C ბადეში განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ბულგარელ - შენჟანა გრამატიკოვას შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი სერბ - მარისა პერისიჩს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

63 კგ

63 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.

21 წლის ქართველი C ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას პირველი რაუნდიდანვე დაიწყებს, სადაც ნიდერლანდელ - გეკე ვან დენ ბერგს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი ლეგენდარულ ფრანგს - კლარის აგბენენუს შეხვდება.

სხვა სტატიები