Belive

"ერთი ნაბიჯი ტიტულისკენ" - ესპანური მედია თოფურიას მომავალ ბრძოლას ეხმაურება

1 წლის წინ სხვა
3 წთ

ილია თოფურია თავისი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლასთან ძალიან ახლოს არის. "მატადორის" მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება, რომელმაც უკანასკნელი ბრძოლა დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ჩაატარა. ილიასთვის ეს მშვენიერი შანსია, რომ ტიტულისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგას. სწორედ ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული საინფორმაციო პორტალი El Espanol, რომელმაც თოფურიას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

"ესპანელი MMA-ს მოყვარულები უკვე დღეებს ითვლიან, რათა ილია თოფურია გალიაში კვლავ იხილონ. წლების განმავლობაში ესპანელ-ქართველმა ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ UFC-ის მთავარ პოსტერზე გამოჩენილიყო. ბევრი მითქმა-მოთქმისა და ლოდინის შემდეგ, დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა ილიასა და ჯოშ ემეტის ბრძოლა. თავდაპირველად, დაპირისპირება 17 ივნისს უნდა შემდგარიყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო თარიღი შეიცვალა და სპორტსმენები ოქტაგონს 24 ივნისს გაიზიარებენ. 26 წლის მებრძოლი 38 წლის მებრძოლის წინააღმდეგ. რეიტინგის მე-9 ნომერი მე-5 ნომრის წინააღმდეგ." - წერს El Espanol.

View this post on Instagram

A post shared by UFC Español (@ufcespanol)

"MMA-ში ილია თოფურიას რეკორდია 13:0. მისი ბოლო ექვსი ორთაბრძოლიდან ოთხი "მატადორის" ნოკაუტით დასრულდა. ეს ის რეკორდია, რომელიც მის პოტენციურ მეტოქეებს მასთან ერთად გალიაში შესვლის სურვილს უკლავს. ილია აგრძელებს ბრძოლას მისი ორმაგი ოცნებისთვის: ჩამოიტანოს UFC-ის საღამო ესპანეთში და გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.

დიდი ხნის განმავლობაში ბევრი სპორტსმენი ილიასთან ბრძოლაზე უარს ამბობდა, თუმცა, საბოლოოდ, ჯოშ ემეტი დათანხმდა, რომლის რეკორდია 18:3. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი UFC 284-ზე იაირ როდრიგესთან დამარცხდა, მანამდე 5 წაუგებელი მატჩი ჰქონდა. ემეტსა და თოფურიას შორის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ "მატადორი" გაიმარჯვებს, მოსალოდნელია, რომ ზემოთხსენებული ორმაგი მიზანი ახდეს. არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო ქამარზე გამართოს. სწორედ ამას დაჰპირდა დანა უაითიც ილიას. ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდება, თუ ილია 24 ივნისს, კექსონვილში ჯოშ ემეტს დაამარცხებს. აღსანიშნავია, რომ უაითმა ფავორიტად "მატადორი" დაასახელა, რაც მის მიმართ გამოხატული ნდობის მშვენიერი მაგალითია." - ასე გამოეხმაურა El Espanol ილიას მომავალ ბრძოლას.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა.

რაც შეეხება ილიას, მან ბოლო ბრძოლა ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში დაამარცხა.

ამჟამად, თოფურია UFC-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ჯოშ ემეტი კი, მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები