EJU შავდათუაშვილზე: "ის ლიდერი იქნება - ონოს არ ყოფნაში ყველაფერია შესაძლებელი"
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რაღაც 9 დღეა დარჩენილი.
იქამდე, სანამ ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს, ევროპის ძიუდოს კავშირი პარიზის ოლიმპიადის სავარაუდო პრიზიორებზე წერს, სადაც 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილზე და მის კონკურენტებზე ისაუბრეს.
გთავაზობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიას, სადაც ლაშა შავდათუაშვილზეა საუბარი.
"ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - ესაა ლაშა შავდათუაშვილის, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის მიღწევები ოლიმპიურ თამაშებზე.
პარიზის ოლიმპიური თამაშები შავდათუაშვილისთვის მეოთხე ოლიმპიადა იქნება, სადაც კიდევ ერთხელ შეეცდება მედლის მოპოვებას. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა ქართულ ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა, მაშინ, როდესაც 20 წლის შავდათუაშვილმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა წონა შეიცვალა და 73-კგ წონით კატეგორიაში ავიდა, ურთულესი მეტოქე - შოჰეი ონო ჰყავდა, თუმცა მან მაინც შეძლო 2 მედლის მოპოვება (ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის), ახლა ონო აღარ იასპარეზებს, თუმცა მას ურთულესი მთავარი კონკურენტი და მსოფლიოს პირველი ნომერი - ჰიდაიატ ჰეიდაროვი ეყოლება.
ჰეიდაროვის გარდა, შავდათუაშვილის მთავარი კონკურენტები - სოიჩი ჰაშიმოტო და ნილს სტუმპი იქნებიან.
ასე და ამგვარად, ლაშა შავდათუაშვილს კვლავ ისტორიული შანსი აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე მედალი მოიპოვოს..." - ვკითხულობთ EJU-ს სტატიაში
შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილს 3 ოლიმპიადაზე აქვს მონაწილეობა მიღებული და სამივე ოლიმპიადა მედლით დატოვა. სადებიუტო ლონდონის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (66 კგ-ში), 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ბოლოს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იგი შოჰეი ონოსთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ოქროს დროში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, ლაშა შავდათუაშვილს კი ტატამზე 29 ივლისს ვიხილავთ.