დინამო თბილისი გვერდში დგომას ა(ღა)რ იმსახურებს
2 წლის წინ
სხვა
8 წთ
80-იან წლებში, იასონის ოცნება რეალობად იქცა. ბორის პაიჭაძის ეპოქის ლეგენდების კვალზე, ახალმა თაობამ გაიბრწყინა. ხალხს ჰქონდა ბედნიერება, ყიფიანის დამუშავებული ბურთი და გამჭოლი გადაცემა სტადიონზე ეხილა. შემდეგ კი, დადგა 13 მაისი - დღე, რომელსაც მთელი ერი ზეიმობდა. 2 წლის წინ, უეფა-მ ყველა ქვეყნის კომენტატორების საუკეთესო ფრაზები დაასახელა, რომელთა შორისაც კოტე მახარაძის სიტყვებიც შევიდა: “წარმომიდგენია რა ხდება ახლა თბილისში. საქართველოს დედაქალაქში ზეიმია, მთელი ქვეყანა ზეიმობს”. ცნობილია, რომ მატჩის შემდეგ, ლეგენდარული კომენტატორი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (ე.წ. "კა-გე-ბე") დაიბარეს და ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყანას გულისხმობდა: საქართველოს თუ სსრკ-ს. პირდაპირ ეთერში, მახარაძემ მახარობელი სიტყვები რუსულად წარმოთქვა, მაგრამ "დინამოს" გამარჯვება ეროვნული დღესასწაული იყო, იასონის ამღერებული ოცნება, პატარა ერის დიდი სიხარული და დამოუკიდებლობის წყურვილის ფარული მინიშნება. 1981 წლის 13 მაისის შემდეგ 41 წელზე მეტი გავიდა. იმედი იმდენად ჩაქრა, რომ აღარც გვემღერება.
სხვებიც დამარცხდნენ. რატომ ეთმობა დინამოს მეტი ყურადღება?
ეს კითხვა ჩემს თავსაც დავუსვი. კონფერენსლიგის ("ლუზერთა" ტურნირი) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა, მაგრამ "დინამო თბილისის" მარცხი ისევ ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. ხომ გითხარით, თამაშს განზრახ არ ვუყურე - მეთქი? მარცხი გულზე მაინც მომხვდა. ეს ჩემთვის, ძველ თაობას კი სენტიმენტები კიდევ უფრო გამძაფრებული აქვს: მათი ყურადღების ეპიცენტრში "დილა" და "საბურთალო" არ არიან. მათ ის აღელვებთ, რომ "დინამომ" ისევ წააგო. თანაც ვისთან? ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან “პაიდესთან”, ანგარიშით 2:3. გუშინდელ თამაშამდე, ესტონელებს ევროტურნირებზე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდათ გატანილი და რა გასაკვირია, რომ მატჩის მეორე დილას, ავტობუსში, ჩემს წინ მჯდომი მოხუცი კაცი წუხდა, "ესტონეთის გუნდმა 3 გოლი როგორ გაგვიტანაო?" "დინამოს" ისტორია გვეუბნება, რომ ერთ დროს რაღაც დიადი, ხელშესახები გვქონდა, ის რაც წამიერად მოგვწყვეტდა ყველა პრობლემას და გვაერთიანებდა, ახლა კი ეს ყოველივე ნაცრად იქცა. თუკი შეგვეძლო, რატომ აღარ შეგვიძლია? იქნებ "დინამო თბილისს" ამდენი ყურადღება აღარ უნდა დავუთმოთ? ან რატომ არ ვამბობთ პირდაპირ, რომ მას ძველ "დინამოსთან" კავშირი აღარ აქვს?მცირედი გადახვევა: "დიდოსტატის მარჯვენაში" მეფე გიორგის პერსონაჟი ტრაგიკულია. მას პირადი სურვილების ასრულება ამოძრავებს, მაგრამ ყურში ჩაესმის სიტყვები: მეფე ხარ და ხამს… მეფე ხარ და გმართებს… მეფე ხარ და გევალება…“ დიახ, მეფეს მეტი მოეთხოვება - მეფეს, რომელიც ერთ დროს მართლაც სამეფო ფეხბურთს თამაშობდა. გვირგვინი კი, დღევანდელ "დინამო თბილისს", უკვე დიდი ხანია, დაუმსახურებლად ადგას. მისგან მეტს ველოდებით, მაგრამ მეფე მოკვდა, დღევანდელი "დინამო თბილისი" კი არაფერია, გარდა იმედგაცრუებისა.
კლაკსვიკი, პაიდე, etc.
ფარერულ "კლაკსვიკთან" მარცხის (6:1) შემდეგ, "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის იერიშები მედიის მიმართ გაცილებით უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ფეხბურთელთა მოქმედება მეტოქის საჯარიმოში. ჟურნალისტებს კრიტიკის შეწყვეტისკენ მოგვიწოდეს და კლუბის იმიჯისა თუ რეპუტაციის აღდგენაში თანამონაწილეობა გვთხოვეს. ჩისკო მუნიოსი გიორგი ნემსაძემ ჩაანაცვლა, ნემსაძე - სამწვრთნელო სარბიელზე უფრო გამოცდილმა კახა ცხადაძემ. ვინმემ იგრძენით ცვლილებები? გამოხდა ხანი და პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, რომელსაც გულშემატკივარი ნამდვილად არ წყალობს, სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა. ცვლილება თითქოს საიმედოდ, თუმცა მაინც არადამაჯერებლად ჟღერდა - ცხადაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივდა, სპორტულ დირექტორად კი ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა, რომელმაც მედიისთვის კაბინეტის კარი მეორე დღესვე ჩაკეტა, ცხადაძემ კი ჟურნალისტის კრიტიკულ კითხვას ასევე სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა: ჩვენ ცვლილებებზე გელაპარაკებით და ასე ლაპარაკის დრო ახლა არ არისო. ამბობდა, რომ ცვლილებებისთვის დრო სჭირდებოდა, თუმცა პოსტი დროზე ადრე დატოვა. ისევ ვსვამ იმავე კითხვას: ვინმემ იგრძენით ცვლილებები?შემოტრიალებული მატჩის ხილვა ყველას გაუხარდება - კრიტიკა ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას არ ნიშნავს. თუმცა, "კლაკსვიკი", "პაიდე" და სხვები... რეპუტაციულ დონეზე, "დინამო თბილისი" არის გუნდი, რომელიც არა გამარჯვებებთან, არამედ მარცხთან, სტრუქტურულ ქაოსთან, მწვრთნელების დაუსრულებელ ცვლილებებთან ასოცირდება. შესაბამისად, აღარ ჩანს იმედის ნაპერწკალი და გულშემატკივარს ნამდვილად არ მოეთხოვება ის, რომ სტადიონზე არაფრისმომცემ მატჩებზე იაროს. საუბარი ხომ დროებით ჩავარდნას არ ეხება? როგორ შეიძლება გულშემატკივარი არ იყოს შეურაცხყოფილი იმით, რომ სტადიონზე მისულს, დახვდეს გუნდი, რომელიც უსახურ და უსუსურ ფეხბურთს თამაშობს? ესწრებით იმ სპექტაკლებს, სადაც ცუდი მსახიობები თამაშობენ? კითხულობთ იმ წიგნებს, რომლებსაც უშინაარსო მწერლები წერენ? უსმენთ მუსიკას, რომელსაც უსმენო მუსიკოსები ქმნიან? ეს არის კრიტიკისა და ტკივილის შემცველი წერილი, რომელიც, ირიბად, ჰყვება ისტორიას, რომ 90-იანებში დაბადებულ თაობას, ხარისხიანი ფეხბურთი თვალით არ უნახავს. ჩვენ არ ვიცით, რა არის გამარჯვების ფასი, ჩვენ ვიცით, რომ ყოველ წელს, დაგვწყდება გული და დავიწყებთ იმ სამარცხვინო ფაქტზე საუბარს, რომ "დინამო თბილისს" არაპროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდები უგებენ, რომ არ გვაქვს ხვალინდელი პერსპექტივა. "დინამო თბილისი" გვერდში დგომას ა(ღა)რ იმსახურებს და ეს ნურავის ეწყინება. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენზე გაცილებით მეტად ნაწყენები ვართ. და იცოდეთ, რომ თუკი მუხტს დაგვანახებთ, არასოდეს მიგატოვებთ.