Belive

დღეს პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართება

1 თვის წინ სხვა
2 წთ

პარიზის ოლიმპიადის სპორტული ნაწილი ოფიციალურად დასრულებულია. ქართულმა დელეგაციამ შეჯიბრი 7 მედლითა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ოქროს მედლების ერთნაირი რაოდენობა (40) დაუგროვდათ, თუმცა ამერიკელები მედლების საერთო რაოდენობით (126 ამერიკელებს/91 ჩინელებს) გაცილებით წინ არიან, ამიტომ პირველ ადგილს სწორედ ისინი იკავებენ.

დახურვის ცერემონია ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება. გახსნის ამბიციური ცერემონიისგან განსხვავებით, დახურვა უფრო ტრადიციულ გზას გაჰყვება. მდინარე სენაზე ღია ცის ქვეშ გამართვის ნაცვლად, დახურვის ცერემონია 80 000-ადგილიან Stade de France-ზე გაიმართება.

გახსნის ცერემონიის მსგავსად, დახურვის ცერემონიის შესახებ ბევრი დეტალი მაყურებლისთვის ამ დრომდე დაფარულია.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ დახურვის ცერემონიაზე მონაწილეობას მიიღებს ასზე მეტი შემსრულებელი, აკრობატი, მოცეკვავე და არტისტი. სამხატვრო ხელმძღვანელმა თომას ჯოლიმ, რომელმაც გახსნის ცერემონია დაგეგმა, თქვა, რომ მთავარი თემა იქნება "ჩანაწერები" (RECORDS).

აუცილებლად იქნება მონაწილე სპორტსმენთა აღლუმი, ქვეყნების დროშების ჩვენება და ოლიმპიური დროშის დაშვება. დახურვის ცერემონიის ნაწილი ეძღვნება მასპინძელი ქალაქის ცვლილებას - პარიზიდან ლოს ანჯელესში. პარიზის მერი ლოს ანჯელესის მერს, კარენ ბასს ოლიმპიურ დროშას გადასცემს.

სხვა სტატიები