Belive

"დანა უაითმა თქვა, რომ შემდეგი ვიქნები და სანერვიულო არ მაქვს" - მერაბ დვალიშვილი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის გარშემო ყურადღება არ წყდება. ქართველს საჩემპიონო ბრძოლა განაღდებული აქვს. სუპერმსუბუქი წონის ტიტულს კი "შუგა" ფლობს. ჯერჯერობით ოფიციალურად ბრძოლა არ ჩანიშნულა, თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით ისინი შეხვდებიან. დვალიშვილი არიელ ელვანის ესტუმრა და მასთან საუბრისას ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო.

ოფიციალური არაფერია. თუმცა, დანა უაითმა თქვა, რომ შემდეგი ვიქნები და სანერვიულო არ მაქვს. შონი სექტემბერს ახსენებს. Sphere-ში ჩხუბი სურს. მეც თანახმა ვარ ჩემი მექსიკელი ხალხისთვის ვიბრძოლო. მას 2018 წლის შემდეგ ვიწვევ. შონთან დაპირისპირება ჩემთვის გამოწვევაა, რადგან ყოველთვის საუკეთესოებთან ბრძოლა მინდა. ის სუპერვარსკვლავია. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

არიელ ელვანი საქართველოში მომხდარითაც გაოცებული დარჩა. მისი თქმით, ილიას დახვედრის კადრებმა ძალიან აღაფრთოვანა. ელვანიმ მერაბთან ამის შესახებაც ისაუბრა. სხვათა შორის, ელვანიმ დვალიშვილს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც მიულოცა. საინტერესოა, რომ არიელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც იცოდა და მერაბს ჰკითხა იცნობდა თუ არა მას.

საქართველოდან ძალიან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვიღებ. "ალჯოს" ჩხუბის შემდეგ, შინ დაბრუნებას ვგეგმავ. არ ვიტყვი როდის, რადგან მინდა საიდუმლოდ შევინახო და ჩუმად ჩავიდე. ამერიკაში მხოლოდ UFC-ის გულშემატკივრები მიცნობენ, საქართველოში კი ყველამ იცის ვინ ვარ.

ხვიჩას შევხვედრივარ და თავისი მაისურიც მაჩუქა. ვმეგობრობთ კიდეც. ჩემი გამარჯვების შემდეგ, საკუთარი ხელმოწერით გაფორმებული ბუცები გამომიგზავნა. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

სხვა სტატიები