Belive

Daily Mail: შუმახერი საწოლს აღარაა მიჯაჭვული და ჯდომა შეუძლია

10 საათის წინ სხვა
1 წთ

Daily Mail-ის ცნობით, რომელიც რამდენიმე წყაროს ეყრდნობა, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, მიხაელ შუმახერი აღარ არის საწოლს მიჯაჭვული. მას ჯერ კიდევ არ შეუძლია სიარული, თუმცა ის სახლში ეტლით გადაადგილდება.

ასევე გავრცელდა დეტალები იმის შესახებ, რომ შუმახერი „ჩაკეტვის სინდრომით“ ანუ ფსევდოკომით იტანჯება, რაც გულისხმობს გარემოზე რეაგირების და სხვებთან კომუნიკაციის უნარს მხოლოდ თვალის დახამხამებით ან თვალის მოძრაობით.

შეუძლებელია დანამდვილებით ითქვას, ესმის თუ არა მას ყველაფერს, რადგან მას არ შეუძლია ამაზე საუბარი. არსებობს განცდა, რომ ის აცნობიერებს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ალბათ არა ყველაფერს. - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Daily Mail-ს ანონიმურობის პირობით

გამოცემამ ასევე უარყო ჭორი, რომ მიხაელი 2024 წელს მისი ქალიშვილის, ჯინას ქორწილში იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ მისი მონახულების უფლება მხოლოდ სამ ან ოთხ ადამიანს აქვს, მათ შორის ფერარის ყოფილ ლიდერებს, ჟან ტოდტს და როს ბრაუნს.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი 2013 წლის დეკემბერში, ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიღებული ტვინის დაზიანების შემდეგ რეაბილიტაციას აგრძელებს. შვიდგზის ჩემპიონის ოჯახი მისი მდგომარეობის შესახებ მკაცრ კონფიდენციალურობას ინარჩუნებს.