ჩემპიონთა ლიგაზე არიან, ჩვენ კიდევ საქომაგოდაც არ დავდივართ
3 წლის წინ
სხვა
7 წთ
საუკეთესოა, თუმცა ჩვენი ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ გვირჩევნია "პაიკები" დავამარცხოთ, ვიდრე "დედოფლისა და მეფის" წინაშე დავმარცხდეთ. რას ვბოდავ? საერთოდ არ ვბოდავ და ახლავე ავხსნი არგუმენტირებულად. წყალბურთის დინამო თბილისი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ზუსტად იმ ჩემპიონთა ლიგაზე, ფეხბურთში რომ მომდევნო 10 წელი (პატრიოტიზმის ხათრით მოყვანილი რიცხვია 10, თორემ რეალობის მინიმუმ მესამედია, ნეტა ვცდებოდე და თუ გინდათ ჩამქოლეთ) განწირულები რომ ვართ და ფაქტობრივად "განაჩენი" გვაქვს გამოტანილი, უბრალოდ ამ ადამიანებმა წყალბურთი აირჩიეს და იმ ადამიანებმა ფეხბურთი.
ზუსტად იმ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ლამის ნახევარი დედამიწისხელა რუსეთს არცერთი, უფრო სწორად ვერცერთი გუნდი ვერ ჰყავს წარმოდგენილი. იცით რომელ რუსეთზეა საუბარი? იმაზე 10-ჯერ მეტი ინფრასტრუქტურული (ამ შემთხვევაში აუზებს და სავარჯიშო სივრცეებს ვგულისხმობ) პირობები რომ აქვთ, ვიდრე ქართველებს ჯამში წყალბურთელი გვყავს. მართლა ასეა. დინამოელები ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობენ, რომელთა დაფინანსება მინიმუმ 10-ჯერ აღემატება მათსას. დინამოელები ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობენ, რომელთა ინფრასტრუქტურული მოცემულობა ყველაზე "ცუდი" გუნდის შემთხვევაში ქართველებისას მინიმუმ 2-ჯერ აღემატება და ყველაზე კარგის შემთხვევაში 5-ჯერ ან 10-ჯერ ან უფრო მეტჯერაც. უფრო დავკონკრეტდეთ, რომ უფრო მძაფრად ჩავიდეს გულში - დინამო თბილისს კი არა, საქართველოს (!) სულ ერთი აუზი აქვს ისეთი, სადაც ვარჯიში შესაძლებელია და მაგალითად ბუდაპეშტში, ვაკის პარკისხელა "მარგარეტ აილენდზე" 11 აუზია. ანუ 11:1 რომ წავაგოთ უნგრელებთან მათემატიკური და ლოგიკურია არა? - მაგრამ არ ვაგებთ 11:1-ს. რატომ? - იმიტომ, რომ რასაც ფეხბურთელებისგან ვითხოვთ, რომ გავეშებულები იბრძოდნენ და მთელ ენერგიას დებდნენ თამაშში, ეს ბიჭები აკეთებენ - ლამის "წყალზე გაიარონ" იმის ფონზე, რაც აქვთ.
ახლა რუმინეთში ვარ სწორედ იმათთან ერთად ვისზეც ვსაუბრობ, 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე, სერბეთში, ადგილობრივ "რადნიჩკის" წინააღმდეგ მორიგ თამაშს მართავენ და მანამდე გუნდის ხელმძღვანელებმა ბუქარესტის "სტიაუასთან" ამხანაგური შეხვედრა დააორგანიზეს. უნდა ნახოთ, როგორი პატივით დაგვხვდა სტიაუას ავტობუსი აეროპორტში და როგორ გვაკითხავენ სასტუმროსთან ყოველი ვარჯიშის წინ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებთან ერთად ივარჯიშონ და შემდგომ ამხანაგური თამაში გამართონ.
ბუქარესტში ვარ-მეთქი წყალბურთელებთან ერთად, მაგრამ რადგან სპორტული ჟურნალისტი ვარ, ვცდილობ დიდად არ დავუმეგობრდე, რომ თუ ოდესმე რამეს დააშავებენ თითებზე მორალური ბორკილები არ მედოს და მოგიყვეთ, რომ "ამან" თამაშის მერე 2 ლიტრი ღვინო დალია და "იმან" პირველ ღერს ჩაქრობა არ აცადა ისე გაუკიდა მეორეს. მაგრამ, არც ღვინოს სვამენ და არც სიგარეტს ეწევიან. მთელი ცხოვრებაა სპორტს ვუყურებ და ვხედავ, რომ არსებული რეალობიდან მაქსიმალურის გამოძერწვას ცდილობენ. და რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ? - ნოემბრის თვეში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ორი თამაში ჰქონდათ იმ "დედოფლისა და მეფის" წინააღმდეგ ზემოთ რომ აღვნიშნე. დამარცხდნენ, მაგრამ ტრიბუნაზე, რომელზეც სულ მაქსიმუმ 600 კაცი ეტევა, რეგულაციების გამო კი 300 იყო დაშვებული, ცარიელ ადგილებს მარტივად იპოვიდით. ფაქტობრივად მხოლოდ ნაცნობები ქომაგობდნენ.
იცით რა შეუძლიათ? - ის, რომ ფსიქოლოგიური ომი მოგვიგონ და ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად უფრო დაბალი ყაიდის ტურნირზე გამოვიდნენ და როგორც შაკილ ო'ნილმა ჩამოამტვრია ფარი NBA-ში, ისე ჩამოუმტვრიონ პერსპექტივები მეტოქე გუნდებს, თან ჩვენც გავაღმერთებთ ეს რა ბიჭები გვყოლიაო, მაგრამ არა და არა. იყურებიან გრძელვადიანი ხედვით, მოქმედებენ ისე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაზეა მომგებიანი და საკუთარ თავთან, მომავალ თაობასთან და ქვეყანასთან მართლები არიან, მაგრამ ქართველი გულშემატკივრები თამაშებზე მაინც არ დავდივართ, იმიტომ რომ სადაც გასაკრიტიკებელი თითქმის არაფერია, იქ გაცლას ვამჯობინებთ. გუნდში 40 წლის მოთამაშეც ჰყავთ და 16 წლისაც, რაც ძალიან მაგარი ამბავია, 24-წლიანი სხვაობა მაგალითად ჩემსა და ჩემს მშობლებს შორის არაა, შესაბამისად წარმოიდგინეთ როგორ აძლიერებს ერთი მეორეს საკუთარი გამოცდილებით და ფსიქოლოგიური ცოდნით და მეორე პირველს სულ მცირე, ახალგაზრდული ენერგიით. დროს ზუსტად ისე უნაწილებენ, როგორც სამართლიანია.
დანამდვილებით გეუბნებით, რომ საქმეს სწორად მართავენ როგორც მენეჯერული, ასევე სპორტული კუთხითაც - დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება, მაგრამ თუ გავიგებ, რომ ამ "ლაინზე" (ეს სიტყვა თვითონ უყვართ, ხშირად ამბობენ სწორი ლაინიდან არ უნდა გადავუხვიოთო) ანუ ამ ხაზზე აღარ დგანან, როგორც ზემოთ დაგპირდით, აუცილებლად მოგიყვებით. სტატიის ბოლოს კი ერთ რამეს გთხოვთ - სწორად შევაფასოთ პერსპექტივები, სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, პერსპექტივები სწორად შევაფასოთ ან არც შევაფასოთ სწორად და ყველა სპორტის "ჩვენებურები" გავამხნევოთ, მაგრამ ვის უნდა ვუქომაგოთ თუ არა წყალბურთის დინამო თბილისს?! ხო, სტატიას ან უფრო სწორი იქნება თუ ასე ვუწოდებ, "ბლოგივით სტატიას" იმით დავასრულებ, რაც სულ მაწუხებდა. აი აქ თქვენის ნებართვით გამოგეყოფით, ჰო ნახეთ სულ თქვენს ქვაბში მოვიხარშე თავი და მეც მივიღე ჩემი წილი შენიშვნები. უნდა გვახსოვდეს, რომ ქომაგობა არის უწყვეტი, ან მცირე პაუზებით და არა - დი-ნა-მო, დი-ნა-მო და მესამე ან მეოთხე დაძახებაზე გაჩერებული დი-ნა...