ჩეხეთის პრეზიდენტი F1-ის გრან პრიზე ფოტოგრაფის სტატუსით მივიდა
ავტოსპორტისა და ფოტოგრაფიის დიდმა მოყვარულმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა, კვირა დღე „უნგარორინგის“ ლეგენდარულ ტრასაზე გაატარა, რათა „უნგრეთის გრან პრის“ ყველაზე ცხელი კადრები საკუთარი ობიექტივით დაეჭირა.
კვირა საუკეთესო დღეა განტვირთვისთვის, მათ შორის ქვეყნის პირველი პირებისთვისაც. ჩეხეთის ლიდერს ეს მშვენივრად ესმის. 64 წლის პეტრ პაველი, რომელიც ქვეყნის სათავეში 2023 წლის 9 მარტიდან დგას, სპორტული ფოტოგრაფიითა და განსაკუთრებით ავტოსპორტით არის გატაცებული. მან თავისი კამერა მოიმარჯვა და კვირას შუადღით „უნგარორინგს“ მიაშურა, რათა ფორმულა 1-ის სარბოლო დრამა უშუალო ეპიცენტრიდან ენახა.
სარბოლო ტრასების ხშირ სტუმარს ადგილზე საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი, მოჰამედ ბინ სულაიმი დახვდა.
გამოცემა Motorsport.com-ის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტისთვის, სიჩქარისა და ადრენალინისადმი ლტოლვა უცხო არ არის. გასული წლის ივნისში იგი საფრანგეთში იმყოფებოდა, რათა „ლე-მანის 24 საათიან“ რბოლას დასწრებოდა, ხოლო 2025 წელს „დაკარის რალის“ გადაღებაც შეძლო - მოგვიანებით მისი ნამუშევრების ნაწილი პრაღის ეროვნულ ტექნიკურ მუზეუმშიც გამოიფინა.
Grand passionné de sport automobile et de photographie, le président de la Tchéquie, Petr Pavel, est présent ce dimanche autour du Hungaroring pour prendre des clichés du GP de Hongrie. > https://t.co/yq2Rkil4hF pic.twitter.com/TPJDHUazvm
— L'Équipe (@lequipe) July 26, 2026
კვირას გამართულ უნგრეთის გრან პრიზე, ლანდო ნორისმა, თავისთვის და „მაკლარენისთვის“ 2026 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან ფინიშის ხაზი „რედ ბულის“ პილოტ მაქს ფერსტაპენისა და „მერსედესის“ ახალგაზრდა ვარსკვლავ კიმი ანტონელის გასწრებით პირველმა გადაკვეთა, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე "ფერარის" ლეკლერი და ჰამილტონი გავიდნენ.
THE TOP 10 IN HUNGARY 👀#F1 #HungarianGP pic.twitter.com/2GZYDpm3x0
— Formula 1 (@F1) July 26, 2026