ჩაშლილი აუქციონი, ქომაგების პროტესტი, ინვესტორების პირობები - რა ხდება ქუთაისის ტორპედოში?
3 წლის წინ
სხვა
6 წთ
"ინვესტორს საფეხბურთო სკოლის გამართვა ევალება და 200-მდე ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირების გარანტია უნდა დადოს. ასევე ინვესტორს მოეთხოვება მინიმუმ ყოველწლიური მილიონლარიანი ინვესტიცია და შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოძებნა. იყო პუნქტი იმ შემთხვევაშიც, თუ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება შეწყდებოდა – ასეთ დროს, კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 4 მილიონი ლარი უნდა იყოს. გარდა ამისა, გუნდს ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა შეასრულოს უეფა-სა და ეროვნული ლიგის ლიცენზირების მოთხოვნები. აუქციონი ჩაიშალა და ქუთაისის „ტორპედო“ არ გაიყიდა, მაგრამ საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით ახალი აუქციონი მომავალი კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს", - წერს საქართველოს პირველი არხის ოფიციალური ვებ-გვერდი.
"იმის მაგივრად, რომ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება მომხდარიყო სხვადასხვა მიმზიდველი შეთავაზებით, კლუბის გასხვისების პირობები გაიწერა ბუნდოვნად და გამიზნულად თუ უნებლიედ რისკის შემცველ პერსპექტივებად. ამიტომაც, ლოგიკურად, ბიზნესისათვის ეს აქტივი არ აღმოჩნდა საინტერესო და აუქციონი ჩაიშალა. შესაბამისად, დადგა არასასურველი შედეგი, კლუბს ისევ არ ჰყავს ინვესტორი. მზად ვართ, კიდევ უფრო კრიტიკული ვითარების მიუხედავად, სასწრაფო რეჟიმში შევიდეთ "ტორპედოს" მართვაში და განვახორციელოთ სოლიდური ინვესტიციები შემდეგი პირობებით: 1. დავფარავთ მიმდინარე სახელფასო დავალიანებებს 2. დავფარავთ ძველი ინვესტორის დავალიანებებს 3. მომავალი 2 წლის განმავლობაში კლუბის ბიუჯეტისთვის გამოვყოფთ მინიმუმ $6 მილიონს 4. მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს სხვა გაუგებარ არაღიარებულ, აღიარებულ თუ წარმოშობილ დავალიანებებს ამ შემთხვევაში 1 სამუშაო კვირის განმავლობაში მზად ვართ დავიწყოთ კლუბის გადაფორმების და მართვის პროცესი", - ნათქვამია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" განცხადებაში.შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრების ოფიციალურმა გვერდმაც.
"ხმები დადის, რომ თითქოს ჩვენ ფან-კლუბი "ტორპედოს" შეძენით დაინტერესებულ რომელიმე მხარეს მხარდაჭერას ვუცხადებთ. ეს არის სრული სიცრუე, ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან, თუმცა არცერთის მიმართ არ დაგვიფიქსირებია ღია მხარდაჭერა. ის ადამიანები კი რომლებიც საჯაროდ უცხადებენ ნდობას "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს" თუ კომპანია "ნიუ ვიჟენს", ჩვენი ფან-კლუბიდან არ არიან, რა თქმა უნდა, მათი ნებაა ვის დაუჭერენ მხარს და ენდობიან, ჩვენ უბრალოდ გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ფან-კლუბი არცერთი დაინტერესებული მხარისკენ არ იხრება", - აცხადებენ "ტორპედოს" ქომაგები.
მოგვიანებით, "ტორპედოს" გულშემატკივრების ამ განცხადებას კიდევ ერთი პოსტი მოჰყვა, რომელშიც ისინი ქუთაისის მუნიციპალიტეტს მიმართავდნენ და აუქციონის დროულად და შედეგიანად ვერ ჩატარების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებდნენ: "დღეს 20 აგვისტოა, აუქციონის ბოლო დღე და ველოდებით თქვენს დეტალურ განცხადებას, თუ როგორ დასრულდა აუქციონი და ვის გადაეცემა ბოლოს და ბოლოს გუნდი. ისედაც ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა, თითქმის 3 თვის სახელფასო დავალიანებაა დაგროვილი და ყოველი დაკარგული დღე ჩვენს წინააღმდეგ უარყოფითად მოქმედებს, ყველა გაურკვევლობაში ვართ, ქალაქს სიმართლე აინტერესებს და თქვენი ვალდებულებაა რომ გაგვარკვიოთ ყველაფერში. თუ კიდევ გაიწელება ეს ყველაფერი, მაშინ იძულებულები გავხდებით, დავიწყოთ მერიის წინ აქციები, მოვიხმოთ მედია საშუალებები და ამ მეთოდით გავაგებინოთ ყველას თუ რა ხდება რეალურად გუნდის თავს".მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, თავდაპირველად ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, გუნდი "საბურთალოს" წინააღმდეგ სათამაშოდ ახალგაზრდული შემადგენლობით გავიდა და - 0:3 დამარცხდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც კლუბმა ახალი ინვესტორის მოსვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, გუნდმა საწვრთნელი პროცესი განაახლა და ზაფხულის შესვენების შემდეგ, "თელავთან", "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე (0:1) გამართულ შეხვედრაში ძირითადი ბირთვით ითამაშა.