ბრაის მიტჩელი: „MMA ქუჩის ჩხუბს უნდა ჰგავდეს“
UFC-ის მებრძოლმა ბრაის მიტჩელმა შერეული ორთაბრძოლების მიმდინარე წესები მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით, ორთაბრძოლები მაქსიმალურად უნდა ჰგავდეს რეალური ქუჩის ჩხუბის პრინციპებს.
ბოლო პერიოდში სპორტულ სამყაროში აქტიურად განიხილება მუხლში გვერდითი დარტყმების, ე.წ. oblique kick-ის აკრძალვის საკითხი. მიტჩელი ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დარტყმამ შესაძლოა მუხლის მძიმე ტრავმა გამოიწვიოს, მიტჩელი მიიჩნევს, რომ MMA სასტიკი სპორტია. მებრძოლის თქმით, თუ წესებში რაიმე ცვლილების შეტანა აუცილებელია, მაშინ უპირველესად პარტერში მყოფი მოწინააღმდეგის სახეში ფეხით დაბიჯება უნდა დაკანონდეს, როგორც ეს ლეგენდარული PRIDE-ის ეპოქაში ხდებოდა.
„Oblique kick-ის აკრძალვა სრული სისულელეა. ეს სამართლიანი დარტყმაა და მისი შესრულება ყველას შეუძლია. დიახ, შეიძლება მუხლი დაიზიანო, მაგრამ ეს ბრძოლაა. ვის აინტერესებს, მუხლში დაგარტყამენ თუ არა?
ბევრად მეტი ბრძოლა მექნებოდა ნაადრევად მოგებული, პარტერში მყოფი მეტოქისთვის სახეში ფეხის დარტყმის უფლება რომ მქონოდა. ეს ჩემი საუკეთესო ილეთია, თუმცა წესების გამო ამის გაკეთება არ შემიძლია“ - ბრაის მიტჩელი
კრიტიკის პარალელურად, მებრძოლი კიდევ ორ ფუნდამენტურ ცვლილებას ითხოვს: ის ორთაბრძოლებიდან რაუნდების ამოღებასა და წონის წინასწარ დაკლების პრაქტიკის სრულად აკრძალვას მოითხოვს.
მისი შეფასებით, თანამედროვე რეგულაციები უპირატესობას იმ მებრძოლებს ანიჭებს, რომლებსაც ჭიდაობის ეშინიათ. მიტჩელს მიაჩნია, რომ რეალური ძალების გასარკვევად უწყვეტი და შეზღუდვებისგან თავისუფალი ფორმატია საჭირო.