ბორჩაშვილი და ცენდ-ოჩირი დაისაჯნენ - პარიზის ოლიმპიადა 2 ფავორიტის გარეშე ჩატარდება
პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო პერიოდი ოფიციალურად დასრულდა - გასულ შაბათს, პერუს შეჯიბრზე ბოლო სალიცენზიო ქულები გათამაშდა და ახლა ყველას ყურადღება პარიზის ოლიმპიური თამაშებისკენაა მიმართული.
IJF-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც 2 საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - კერძოდ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 73 კგ წონით კატეგორიაში, მონღოლი - ცენდ-ოჩირ ცონგბაატარი ამორიცხულია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დოპინგ ტესტზე ჩავარდა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ იგი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შესაბამისად იგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას ვერ შეძლებს, რაც ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელია.
მეორე სპორტსმენი, რომელიც ასევე ამოღებულია ოლიმპიური კვალიფიკაციის რეიტინგიდან, წარმოშობით ქართველი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე - შამილ ბორჩაშვილია, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანია. მან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
როგორც ჩანს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, შამილ ბორჩაშვილს სანქციები დაუწესა იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზე და თავისი ადგილი ძმას - ვაჰიდ ბორჩაშვილს დაუთმო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხნიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენები.