"ასე მხოლოდ ქართველები იბრძვიან" - გამოხმაურება საქართველოს ჩემპიონობაზე
ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოსთვის, 2 კუთხით გახდა უნიკალური. პირველი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მსოფლიო პირველობა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ქალმა პირველად მოიგო - ეთერ ლიპარტელიანის სახელი სამუდამოდ შევა ჩვენი ძიუდოს ისტორიაში. მეორე - ჩვენი შერეული ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და იაპონიის ერთპიროვნული ჰეგემონია დაასრულა. ამ ფაქტს, ძიუდოს უცხოელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.
ასე ბრძოლა მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ - ყოჩაღ!
ამ მსოფლიოზე ბექაურმა ყველაფრის გაკეთება მოასწრო: ჯერ წააგო და იმედგაცრუება, შემდეგ კი ყველაფერი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა.
იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ზეწოლას განიცდის ბექაური ყოველი წარუმატებლობის შემდეგ, მარტივად დასანახია, რომ ეს ბიჭი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია.
ნამდვილი ლომები არიან - გილოცავთ 'განგსტერებო' !
შემიძლია ფსონი აქედანვე დავდო, რომ ბახბახაშვილი მომავალ ოლიმპიადაზე იქნება და შედეგსაც დადებს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ქართველმა და ტაჯიკმა ძიუდოისტებმა დაიპყრეს.
ძიუდოს ახალი მეფე ჰყავს და ეს საქართველოა.
ვფიქრობ, ფინალში საქართველოსა და იაპონიის დაპირისპირება კლასიკა იქნებოდა, თანაც უფრო საინტერესო.
ლიპარტელიანი ზედმეტად ჭკვიანია.
ჭკვიანიც არის და მეტსაც ვიტყვი: ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია ძიუდოში. მე მას ძალიან დიდი პატივს ვცემ.
მსოფლიოს გუნდური პირველობა ბრწყინვალე იყო, მე ყველა ნაკრები მომეწონა, რადგან არავინ დაზოგა თავი საკუთარი ქვეყნისთვის.
ქართველებო, გესალმებით ტაჯიკეთიდან. მინდა მოგილოცოთ ეს დამსახურებული ჩემპიონობა. ლაშა ბექაური ნამდვილი ლეგენდაა, ლიპარტელიანი კი უჭკვიანესი და ულამაზესი ძიუდოისტი - პატივისცემა თვქენ!
- ვკითხულობთ ტელეგრამ პოსტებში
მერვედფინალში ჩვენმა გუნდმა ჩინეთი (4:1) დაამარცხა. მეოთხედფინალში იტალიელებს მოვუგეთ მშრალზე (4:0). ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჩვენი მეტოქე იაპონიის ნაკრები იყო, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს გუნდური პირველობა შერეულად ტარდება, ყველა შემთხვევაში იაპონელებმა მოიგეს ოქრო (2018 წლიდან/7-ჯერ). დღეს საქართველომ პირველად შეძლო იაპონელების გუნდის ბარიერის გადალახვა (4:2). ფინალში სამხრეთ კორეას მარტივად გავუმკლავდით (4:1) და მსოფლიო ჩემპიონობა ვიზეიმეთ.