Belive

"ალექსს კარგი საბრძოლო სტილი აქვს, მაგრამ ილიასთან შედარებით ის ნულია" - თოფურიას მთავარი მწვრთნელი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

შერეული საბრძოლო ხელოვნებები ესპანეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის მთავარი მიზეზი ილია თოფურიაა, რომელიც MMA-ს სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახდა. თბილისის დროით 18 თებერვალს, ილია UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკია, რომელიც ამ დივიზიონს 1 500-ზე მეტი დღეა დომინირებს.

ქართველი მებრძოლის მთავარმა მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა, ესპანურ გამოცემა Sport-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- ისტორიულ ბრძოლამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. როგორი განწყობაა Climent Club-ში?

- როგორც იტყვიან, სიმშვიდე შტორმის წინ. ერთი სული გვაქვს როდის გავფრინდებით ლას ვეგასში. მე-10 ვარჯიშამდე გვინდა PI-ში ვიმუშაოთ და საბრძოლო კვირას ლოს ანჯელესში ჩავფრინდეთ.

- ამ გამოწვევას როგორ უმკლავდებით? თქვენ ძალიან ახლოს ხართ ესპანური სპორტის ისტორიაში ახალი გვერდი დაწეროთ. რას გრძნობთ?

- ვგრძნობთ, რომ მზად ვართ. ამ ყველაფერზე მას შემდეგ ვოცნებობთ, რაც MMA-ით დავკავდით და ამ მომენტისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებით. მე და ჩემმა ძმამ - ავგუსტინმა ეს ვერ შევძელით, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და ვწვრთნით მებრძოლს, რომელიც საუკეთესოა. ამით ძალიან ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენ ჩვენი საქმის ექსპერტები ვართ და ვიცით რა დონის მებრძოლთან გვაქვს საქმე.

- როგორი არის ილიას მენტალური მდგომარეობა?

- უფრო ძლიერი და დარწმუნებულია, ვიდრე ოდესმე. ვგრძნობ, რომ ძალიან კონცენტრირებულია. ყველა ასპექტში თავს კარგად გრძნობს - წონა, ძალა, ტექნიკა...

- როგორ მიდის ამ ბრძოლისთვის მზადება? ემეტისა და მიტჩელის მოსამზადებელი პერიოდისგან განსხვავდება?

- ყველა ასპექტში განსხვავებულია. დავიწყოთ იქიდან, რომ ილია სახლში ემზადება, რაც ჩვენთვის ძალიან კომფორტულია. აქ სწორ ხალხთან ერთად ვვარჯიშობთ, ვგეგმავთ ბრძოლას და არავინ გვაწუხებს. როცა აქაურობას ვტოვებთ სხვის დარბაზში ვვარჯიშობთ, სადაც არავინ გვიცნობს. ჩვენს დასახმარებლად გურამ ქუთათელაძეც იყო ჩამოსული. ხალხისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ალექსმა, ილიას ძმამ, დიდი ძალისხმევა გაიღო.

- მოდით ვისაუბროთ მოწინააღმდეგეზე. ფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო მომენტია ვოლკანოვსკისგან ქამრის წამოსაღებად? მან მახაჩევთან მძიმე ნოკაუტი იწვნია და ამას ყოველთვის დიდი გავლენა აქვს.

- ვფიქრობ, შესანიშნავი დროა. ვოლკანოვსკის რაღაც არარეალურის სჯერა. თებერვალში ძალიან გაოცდება, რადგან ილიას დონე სულ სხვა ლიგიდანაა. რაც თქვენ თქვით, მართალია. მასზე საკმაოდ დიდი წნეხია.

- ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო მებრძოლია. ყველაზე მეტად მისგან რა საშიშროებას ელით?

- მთელი ჩვენი საბრძოლო გეგმა მასზეა მორგებული. ვოლკი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ძლიერ მხარეებთან ერთად, მისი სუსტი წერტილებიც ვიცით. კარგი სტრაიკინგი აქვს, ბევრ დარტყმას ისვრის, თუმცა არც ისე ძლიერს. ალექსს კარგი საბრძოლო სტილი აქვს, მაგრამ ილიასთან შედარებით ის ნულია. ილიას გვერდით მისი ჯიუ-ჯიცუს უნარების ხსენება სასაცილოა. ჩემი სიტყვები მალე დამტკიცდება.

- ილიამ აჩვენა, რომ UFC-ში ერთ-ერთი სრულყოფილი მებრძოლია. მისი ბრძოლებს შორის განვითარება აშკარად შესამჩნევია. რა არის ის იარაღი, რომელსაც ავსტრალიელის წინააღმდეგ გამოიყენებთ?

- ვფიქრობ, ვოლკანოვსკი ძალიან ფრთხილად იბრძოლებს, რადგან მან იცის, რომ ილიას ხელებიდან დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. ის აუცილებლად დაუშვებს შეცდომას. ალექსი გეგმით გამოვა, თუმცა, ოქტაგონზე კედელს დაეჯახება.

- როცა ბრძოლა დაანონსდა, გულშემატკივრების ფავორიტი ვოლკანოვსკი იყო. რაც დრო გადის, ყველაფერი ნელ-ნელა ბალანსდება.

- ვერ გეტყვით ხალხი რას ფიქრობს. მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და შემიძლია გითხრათ ჩემს ტვინში რა ხდება. ვიცნობ ხალხს, რომელსაც ბრძოლაზე წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს.

- რომელი უფრო რთული იყო - ფიზიკური თუ მენტალური მზადება? რომელ ასპექტზე გაამახვილეთ უფრო მეტი ყურადღება?

- ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას. ამ დონის გამოწვევის მიღება ყოველთვის რთულია და ამ დროს მენტალური მხარე დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბრძოლის წარმატების 80-90% არა დასვენებაზე, არამედ თავზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ, რადგან ვოლკანოვსკი 5-რაუნდიან ბრძოლებში გამოცდილია. მას არაჩვეულებრივი კარდიო აქვს. მაგრამ ილია ახალგაზრდაა და სულ სხვა დონეზეა.

- გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ ყოველთვის აჩვენებთ ხალხს, რომ შეკრული გუნდი ხართ. თქვენ, ავგუსტინი და ალექსი ამის მშვენიერი მაგალითი ხართ. ეს კავშირი ბრძოლისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- მჯერა, რომ კავშირები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის ყოველ წევრს ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გააჩნია. სულ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს ყველაფერში დავეხმაროთ. ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს, რაც სპორტზე მაღლა დგას.

- როგორც ჩანს ილიას ძმა ალექსი MMA-ს სამყაროში ახალი სახელი უნდა იყოს. შესაძლოა, რომ 2024 წელს UFC-ში მისი დებიუტიც კი შედგეს. როგორ ხედავთ ალექსის კარიერის განვითარებას?

- ალექსი ილიას ტოლსწორია. ის ოდნავ განსხვავებული მებრძოლია, რომელსაც დიდი არსენალი აქვს. მან ყველაფერი გასცა, რომ დღეს ილია აქამდე მოსულიყო. ალექსი უმცროს ძმაზე ყოველთვის ზრუნავდა და მას სულ ეხმარებოდა. ალექსის საბრძოლო სტილი ილიას ჰგავს, თუმცა, ის ამ ყველაფერს უფრო ტექნიკურად და სასტიკად აკეთებს. როცა ამერიკიდან დავბრუნდებით ბევრ სიახლეს იხილავთ. - განაცხადა ხორხე კლიმენტმა Sport-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს. თბილისის დროით 18 თებერვალს, ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის შეერკინება. ავსტრალიელი ძალიან დიდი ხანია რაც ამ დივიზიონში დომინირებს და საკუთარი ქამარიც 5-ჯერ დაიცვა.

ამავე საღამოს იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები