Belive

"5-რაუნდიანი ბრძოლისთვის 100%-ით მზად ვარ" - რომან დოლიძე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წელს UFC-ში პირველ ქართულ ბრძოლას რომან დოლიძე გამართავს. მისი მოწინააღმდეგე საშუალო წონის მე-11 ნომერი ნასურდინ იმავოვი იქნება. მათი დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლაა და სპორტსმენები ოქტაგონზე 5 რაუნდს გაატარებენ.

რომანმა ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ერთ-ერთ იუთუბ არხზე ისაუბრა.

5-რაუნდიანი ბრძოლისთვის მზადება იცვლება. პირველ ყოვლისა, ყურადღებას ძალის 5 რაუნდზე გადანაწილებას ვაქცევთ. კარგი მოსამზადებელი პერიოდი მქონდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი რამ შეიცვალა, რა თქმა უნდა ეს რთულია, თუმცა, ახლა ყველაფერი კარგად არის. თავს კარგად ვგრძნობ და 5-რაუნდიანი ბრძოლისთვის 100%-ით მზად ვარ. - განაცხადა რომანმა Meta MMA-სთან საუბრისას

დოლიძემ სხვა ქართველების მომავალ ბრძოლებზეც ისაუბრა. თებერვალში ერთ საღამოს ორი ქართველი- ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი იჩხუბებენ. თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ალექს ვოლკანოვსკის ხოლო, დვალიშვილის ყოფილ ორი წონის ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

მერაბმა მსოფლიოს არაერთხელ დაუმტკიცა, რომ კარგი მებრძოლია. მას ყველაფერი აქვს, რომ ამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდეს. პარადოქსია, რომ მას ტიტულზე აქამდეც არ უბრძოლია. რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომები მერაბმაც დაუშვა, როცა ალჯამაინ სტერლინგთან ბრძოლაზე უარს ამბობდა. დრო გავიდა, მისი დასჯა უნდა შეწყვიტონ. მერაბმა ტიტულისთვის ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიმსახურა. სეხუდო კარგი სპორტსმენია, თუმცა, MMA-ს ჭიდაობა და ოლიმპიური ჭიდაობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. წინასწარ არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება. ყველაფერს ბრძოლა გვაჩვენებს.

ილია ახალგაზრდა და ძალიან დაგეშილია, მას გამარჯვება სურს. ყველაფერი მის სასიკეთოდ ვითარდება და ილიაც წინ ძალიან სწრაფად მიიწევს. ვფიქრობ, რომ UFC კმაყოფილი იქნება თუ ის ჩემპიონი გახდება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა მოიგოს. ილია ძალიან კარგი მოჭიდავეა, აქვს ძალა და ვფიქრობ, თებერვალში საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. - განაცხადა რომან დოლიძემ

ალბათ გახსოვთ, როცა რომანმა ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია, თუმცა, "ბორზის" მხრიდან არანაირი პასუხი ყოფილა. ქართველმა მებრძოლმა ამ თემაზეც ისაუბრა.

შესაძლოა მომავალში ჩვენი ბრძოლა შედგეს. რატომაც არა?! როცა მე ის გამოვიძახე 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგი საერთოდ არ ჰქონდა. მას 77 კილოგრამის დაფიქსირება აღარ შეუძლია. როცა ჯეკ ჰერმანსონი დავამარცხე და მე-8 ნომერი გავხდი, ის 84 კილოგრამში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ასეთი სახის გამოწვევებს ხამზატი ყოველთვის ეხმაურება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ის ჩუმადაა. მას პატივს ვცემ. მინდა ყოველთვის საუკეთესოებს შევეჯიბრო და ხამზატს ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ. მისი გამოსვლები და განცხადებები საბავშვო ბაღს მახსენებს. ეს საბავშვო ბაღი გრძელდება. - ამბობს რომანი

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და ნასურდინ იმავოვის ბრძოლა თბილისის დროით 4 თებერვალს, გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები