Belive

2025 | UFC-ს წლის შეჯამება

1 კვირის წინ სხვა
9 წთ

2025 წელი იქცა იმ წლად, როდესაც ქართულმა MMA-მ UFC-ში რაოდენობიდან ხარისხზე გადაინაცვლა. ქართველი მებრძოლები უბრალოდ ანგარიშგასაწევ ძალად აღარ აღიქმებიან. ქართველი მებრძოლები რეალურად ქმნიან დღის წესრიგს საკუთარ დივიზიონებში. სტილი, ფიზიკური მომზადება, მენტალური სიმტკიცე და სტატისტიკური დომინაცია — ეს ის კომპონენტებია, რომლებმაც 2025 წელს საქართველო MMA-ის რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა.

 

ამ წელს UFC-ის ოქტაგონზე საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ვიხილეთ, განსხვავებული გზით, მაგრამ ერთი საერთო მიზნით - გამარჯვება საქართველოსთვის

 

გურამ ქუთათელაძე

 

გურამ ქუთათელაძემ 2025 წელს UFC-ში ერთადერთი ბრძოლა ჩაატარა და სამწუხაროდ დამარცხდა. "ქართველმა ვიკინგმა" ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში საკუთარი სახელი ნამდვილად დატოვა. ის დარჩა იმ მებრძოლად, რომელიც ყველასთვის რთული გამოწვევა იყო. მისი უნარებით გურამის ბრძოლები მუდამ გამორჩეული იყო. ქუთათელაძემ 5 სისხლიანი და სანახაობრივი ჩხუბი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთი ორი ბრძოლა მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გამართული ბრძოლა ფერნანდესთან ქუთათელაძისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთათელაძესთან ურთიერთობა გაეწყვიტათ.


გიგა ჭიკაძე

2025 წელი გიგა ჭიკაძის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე გულწრფელი ეტაპი იყო. ეს არ ყოფილა წელი ხმაურიანი ტიტულოვანი ბრძოლებით ან სწრაფი აღმასვლით. ეს იყო წელი, სადაც მთავარი ბრძოლა ოქტაგონის მიღმა მიმდინარეობდა — ჯანმრთელობასთან, ასაკთან, მოტივაციასთან და მოლოდინებთან. წინა წლების ტრავმებისა და იძულებითი პაუზების შემდეგ, 2025 გიგასთვის მძიმედ დაიწყო. 2025 წელს გიგა ჭიკაძის ბრძოლები მკვეთრად ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ვეტერანი მებრძოლი ცხოვრობს:

  • მეტოქეები იყვნენ ახალგაზრდები, სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები;

  • თითოეული ბრძოლა საჭიროებდა მაქსიმალურ კონცენტრაციას;

შეცდომის ფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე კარიერის ადრეულ ეტაპზე.

2025 წელს გიგა ჭიკაძე განსაკუთრებით გამოირჩეოდა მენტალური სიმტკიცით. ის აღარ ცდილობდა ვინმესთვის რამე დაემტკიცებინა სოციალურ ქსელებში ან მედიაში. მისი გზავნილი მარტივი იყო: „მე აქ ვარ, სანამ შემიძლია კონკურენცია.“

ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ფასეულია თანამედროვე MMA-ში, სადაც ხმაური ხშირად შედეგზე წინ დგას. ჭიკაძემ დაამტკიცა, რომ პროფესიონალიზმი და შრომა ისევ ფასობს, თუნდაც კარიერის გვიან ეტაპზე.


რომან დოლიძე

 

 რომან დოლიძისთვის 2025 წელი სტილისტიკურად ძალიან გარდამტეხი იყო. თუ ადრე მისი ბრძოლები ხშირად ქაოტურ ძალას ეყრდნობოდა, წელს მან აჩვენა რომ უფრო გააზრებული და სტრატეგიული მებრძოლია. ეს ყველაფერი თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი შრომით მოვიდა. გარდა ამისა, რომანი არის მებრძოლი, რომელიც მუდამ სიახლეების ძებნაშია. საშუალო წონაში მისი ფიზიკური პარამეტრები კვლავ უპირატესობად რჩება, თუმცა მთავარი პროგრესი სტატისტიკაში გამოიხატა: გაუმჯობესებული ტეიკდაუნების დაცვა, მეტოქის კონტროლის დრო პარტერში, ნაკლები დაუფიქრებელი გაცვლა დგომში.

 

მთავარი გამარჯვება რომანისთვის მარვინ ვეტორისთან რევანშის აღება იყო. პირველი ჩხუბის შემდეგ, რომელიც ძალიან ახლო იყო, დოლიძემ რევანშის აღება დაგვპირდა და შეასრულა კიდეც. როგორც ზემოთ ვახსენე ოქტაგონზე მეტად გაუმჯობესებული დოლიძე გამოვიდა. 5-რაუნდიანი ბრძოლა ქართველმა კითხვნის ნიშნების გარეშე მოიგო და საშუალო წონაში გახდა მებრძოლი, რომელიც ჩემპიონობისკენ მიმავალ პოტნციურ ათლეტად ჩამოყალიბდა.

 

თუმცა, რომანს ბედმა ზუსტად მაშინ უმუხთლა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. შეხვდა ენტონი ერნანდესს, რომელთანაც მეოთხე რაუნდში საბმიშენით დამარცხდა. ამ წაგებამ დოლიძის წარმატებული, სამგამარჯვებიანი სერია დაასრულდა და სამწუხაროდ ქამრისგან შორს დატოვა. ამ ეტაპზე დოლიძე რეიტინგში მე-12 ადგილზეა. დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში "დონის კონტროლიორად" ჩამოყალიბდა. რომანი გახდება ტესტი ახლად გამოჩენილი მებრძოლებისთვის, რომლებსაც საშუალო წონაში პრეტენზიები ენქებათ. დოლიძე 2025 წელს უკვე აღარ არის უბრალოდ ძლიერი მებრძოლი — ის არის სისტემური საფრთხე ტოპ-15-ისთვის.


ალექსანდრე თოფურია

ალექსანდრე თოფურია 2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ჩამოყალიბდა. ალექსანდრემ სახელის დამკვიდრება მხოლოდ ქართველ მებრძოლებს შორის არ მოახერხა. 2025 წელს მოპოვებული გამარჯვებებით მან სუპერმსუბუქ დივიზიონს შიშის ზარი დასცა. უფროსმა თოფურიამ დივიზიონის კარი ხმაურიანად შეანგრია და TOP მებრძოლებს საფიქრალი გაუჩინა. მისი სტატისტიკა შესაძლოა ჯერ ხმაურიანი არ არის, მაგრამ პროგრესის ტენდენცია აშკარაა: ბრძოლიდან ბრძოლამდე გაზრდილი თავდაჯერებულობა, არაჩვეულებრივი თაიმინგი და დაცვა, ალექსანდრე დისციპლინირებული მებრძოლია, რომელიც გეგმას არასდროს უხვევს. ეს ბოლო ასპექტი კარგად გამოჩნდა მის უკანასკნელ ჩხუბში, ალმახანის წინააღმდეგ. ალექსანდრემ ძლიერი დარტყმით მეტოქე მძიმე ნოკდაუნში გაუშვა, მაგრამ მისი სიმშვიდე არსად წასულა და მეტოქის ეტაპობრივად დაშლა განაგრძო. ჯერ კოლბი სიქნესთან და შემდეგ ბეკჟატ ალმახანთან, სულ რაღაც ორ ბრძოლაში, ალექსანდრემ მოახერხა და გულშემაკტივარს აჩვენა, რომ კრივთან ერთად, ჭიდაობაც კარგად შეუძლია.

 2025 წელს ალექსანდრე უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტანტი იყო.


ილია თოფურია

2025 ილიასთვის იყო წელი, რომელშიც სულ სხვა ეტაპზე გადავიდა. ადრე თუ თოფურია ჩემპიონობისთვის გამზადებული მასალა იყო, ახლა ორმაგი ჩემპიონია. არა მხოლოდ ჩემპიონი, ის ეპოქის ლიდერი გახდა, რომელიც ლეგენდებს ანადგურებს.

წელი "მატადორისთვის" ახალი გამოწვევით დაიწყო, რადგან წონა შეიცვლა და მასზე დიდი ოპონენტებთან სცადა ბედი. ზომაში განსხვავების გამო, ილიაზე ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა თუმცა, თოფურიამ მორიგი ლეგენდაც დაამარცხა. "მატადორმა" საკუთარი ძალა კიდევ ერთხელ აჩვენა და ჩარლზ ოლივეირა უგონოდ გათიშა. ოლივეირასთან თოფურიამ გვაჩნევა ის, რაც ყველას აინტერესებდა. ერთ მომენტში თოფურიამ ჩარლზის ჭიდაობისგან თავი არაჩვეულებრივად დაიცვა და პირიქით, მომგებიან პოზიციაშიც კი მოექცა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ილიასთვის ეს იყო წელი, როდესაც სუპერ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ყოველი მისი ინტერვიუ თუ პროსკონფერენცია უდიდესი ინტერესის მატარებელი იყო. გარდა ამისა, წელს დაიწყო მზადება მეგადაპირისპირებისთვის. ეს იქნება ჩხუბი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ილიამ მსუბუქ წონაში გადასვლის იდეა გააჟღერა. ახლა ისლამი ქვესაშუალო წონაშია, თუმცა, თოფურია მასთან დაპირისპირებაზე უკან არ იხევს.

ასეთი წარმატებული და შედეგიანი წლის მიუხედავად, ილიას გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა. ოჯახური უთანხმოებების გამო, "მატადორს" სპორტისგან პაუზის აღება მოუწია. იმისათვის, რომ ილიას დივიზიონი არ დაეყოვნებინა, ქამარი ვაკანტური გახადა და მისთვის პიმბლეტი და გეიჯი იბრძოლებენ.


მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა 2025 წელი ზუსტად ისე ჩაამთავრა, როგორც მის მეტსახელს შეეფერება - მანქანასავით. დვალიშვილი გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც ერთ კალნედარულ წელიწადში ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ დაცვა სცადა. მოუგო დაუმარცხებელ უმარს, მეორე ბრძოლაში დროზე ადრე დაამარცხა ო'მალი, მოუგო სენდჰეგენს და მეოტე მცდელობა იანთან წარუმატებელი აღმოჩნდა. დვალიშვილს შესანიშნავ 2025 წელს ის ფაქტი კარგად აღნიშნავს, რომ წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბი დასახელდა.

ESPN-ის, MMA Junkie-ს და კიდევ სხვა გამოცემების ვერსიით, "მანქანამ" სხვა კომპონენტებშიც საუკეთესოობა დაიმსახურა. ეს აღიარებები არცერთი გულშემატკივრისთვის საკამათო არ გამხდარა.

წლის მძიმე დასასრულის მიუხედავად, ქართველი მებრძოლიდან 2025 წელი დვალიშვილისთვის უდავოდ ყველაზე წარმატებული იყო.

მოკლედ რომ შევამაჯოთ, 2025 წელი UFC-ში დახუნძლული იყო ემოციებით, გამარჯვებებით, მარცხებით, გამოცდილებებით და რაც ყველაზე მთავარია - მომავლის იმედით. მიუხედავად იმისა, რომ წელი 2 ჩემპიონით დავიწყე და ახლა არცერთი გვყავს, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. გვყავს ალექსანრე თოფურია, რომელიც სუპერმსუბუქ წონაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. რომან დოლიძე - კაცი საშიში რეპუტაციით და მკვლელი, რომელთან ჩხუბიც არავის უნდა. დვალიშვილმა 2025 წელს საკუთარი თავის მაქსიმუმი გაიღო და გულშემატკივრისგან დაფასებაც საკადრისად მიიღო. ილია თოფურიას მძიმე წელი გამოუვიდა, თუმცა, 2026 წლიდან "მატადორის" ახალ ვერსიას ვიხილავთ, რომელიც კიდევ უფრო საშიშია.

სხვა სტატიები