2 ოქრო და ბრინჯაო - ლოზანაში გრანდ სლემი დასრულდა
ლოზანას გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამიზე 5 ქართველი გამოვიდა. 90 კგ წონით კატეგორიაში ჩვენს დელეგაციას აკაკი ჯაფარიძე და ლუკა ჯავახიშვილი წარმოადგენდნენ. ჯავახიშვილმა პირველივე შეხვედრა ბაჰრეინის წარმომადგენელთან დათმო, ხოლო აკაკი ჯაფარიძე 1/16-ფინალში უზბეკ ნურბეკ მურტოზოევთან დამარცხდა.
სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი წრე გაიარა, შემდეგ კი ვენესუელელ კარენ ლეონთან წააგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა (+100 კგ), გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - მან ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში, ინალ ტასოევთან იპონით დათმო.
ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე (100 კგ) - ილიამ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მაიკლ კორელი (იპონი), ტულკინბეკ ტურდიევი (ვაზარი), ტეტა ჰამადა (იპონი) და საიდ სადრუდინოვი (იპონი). სულამანიძეს ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა შეხვდა, რომელსაც იუკოთი სძლია.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), შესაბამისად, შვეიცარიაში დასრულებულ გრანდ სლემზე ქართველებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.