Belive

10 უდიდესი ოლიმპიელი სპორტის ისტორიაში

4 თვის წინ სხვა
8 წთ

ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, რაც ათასობით სპორტსმენს აძლევს შესაძლებლობას იასპარეზოს მსოფლიოს უდიდეს სპორტულ სცენაზე. 2024 წლის ოლიმპიადას პარიზი უმასპინძლებს. თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება. talkSPORT-მა მსოფლიოს უდიდესი ოლიმპიელების ათეული შემოგვთავაზა, რომელთაგან ზოგიერთი მედლების უპრეცედენტო რაოდენობით, ზოგი კი განსაკუთრებული ინდივიდუალური მიღწევის გამო იკავებს ადგილს აღნიშნულ სიაში.

10. ჯეკი ჯოინერ-კერსი (აშშ)

ჯეკი ჯოინერ-კერსი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მძლეოსან ქალად ითვლება და დღემდე ფლობს მსოფლიო რეკორდს. მას აქვს სამი ოლიმპიური მედალი მძლეოსნობის 7 დისციპლინაში, მათ შორის ორი ოქრო სეულიდან 1988 წელს და ბარსელონადან 1992 წელს. მისი სხვა ოლიმპიური მედლები მოიცავს ვერცხლს ლოს ანჯელესში 1984 წელს, ორ ბრინჯაოს მედალს სიგრძეზე ხტომის სხვადასხვა დისციპლინაში (ბარსელონა 1992) და (ატლანტა 1996).

ასეთი დომინირებით მრავალ დისციპლინაში, სამართლიანია, რომ ჯოინერ-კერსი არის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე გამოსულა.

ჯეკი ჯოინერ-კერსი

9. ფლორენს გრიფიტ-ჯოინერი (აშშ)

ფლორენს გრიფიტ-ჯოინერი, მეტსახელად ფლო-ჯო, კვლავ ფლობს ქალთა მსოფლიო რეკორდებს 100 და 200 მეტრზე დისტანციაზე სირბილში.

ცნობილი იყო თავისი გრძელი ფრჩხილებით, ფერადი ჩაცმულობითა და გაშლილი თმით. ამერიკელმა 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო ოქრო 100 მეტრზე, 200 მეტრზე და 4x100 მეტრზე დისტანციაზე. მან ასევე მოიპოვა ვერცხლი 4x400 მეტრზე, რასაც დაემატა ვერცხლი, რომელიც მან ლოს ანჯელესში 1984 წელს მიიღო. ჯოინერი სპორტიდან 1989 წელს წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა გრძელვადიანი სპორტული კარიერა, მისი მიღწევები ამ სიის მე-9 ნომრად ყოფნას იმსახურებს.

ფლორენს გრიფიტ-ჯოინერი

8. პაავო ნურმი (ფინეთი)

პაავო ნურმი ერთ-ერთია იმ ოთხ ოლიმპიელს შორის, რომელსაც ცხრა ოქროს მედალი აქვს. ფაქტობრივად, მას სულ 12 ოლიმპიური მედალი აქვს და ითვლება ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საშუალო და შორ დისტანციებზე მორბენლად.

ნურმის ოლიმპიური დებიუტი შედგა 1920 წელს, ანტვერპენში, მოიგო 10,000 მეტრზე როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური "ქროს-ქანთრი". ის კიდევ უკეთესი იყო 1924 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, სადაც გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ერთ ოლიმპიურ თამაშზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა.

მეტსახელად "მფრინავმა ფინელმა" თავისი მეცხრე ოქროს მედალი 1928 წელს ამსტერდამში მოიპოვა. სპორტსმენის სტატუსთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო, 1932 წლის ოლიმპიური თამაშები გამოატოვებინეს, ამიტომ მეათე ოქროს მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

პაავო ნურმი

7. ნადია კომანეჩი (რუმინეთი)

ნადია კომანეჩიმ სულ ცხრა ოლიმპიური მედალი მოაგროვა, რომელთაგან ხუთი ოქროა, მისი ინდივიდუალური გამოსვლა მონრეალის 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად ითვლება, რამაც რუმინელი ტანმოვარჯიშის სახელი ისტორიის წიგნებში სამუდამოდ ჩაწერა.

სულ რაღაც 14 წლის კომანეჩი გახდა პირველი ტანმოვარჯიშე, რომელმაც თავისი უნაკლო ჩვენებით "ათეული" სრულყოფილად შეასრულა - ეს იმდენად უპრეცედენტო იყო, რომ ტაბლომ ვერ შეძლო მისი ქულების ასახვა. ორი ოქროს მედალი მიიღო მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე 1980 წელს (ბალანსისა და იატაკის ტანვარჯის დისციპლინებში)

ნადია კომანეჩი

6. მარკ შპიცი (აშშ)

მარკ შპიცი საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო მოცურავე იყო იქამდე, სანამ მისი ამერიკელი თანამემამულე მაიკლ ფელპსი არ გამოჩნდა. შპიცის მემკვიდრეობა დიდწილად განპირობებულია მისი წარმოუდგენლად დომინანტური გამოსვლით 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე. მან მოიგო ოქროს მედალი იმ შვიდივე დისციპლინაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და ამით რეკორდსმენი გახდა. ამას ემატება ისიც, რომ 1968 წელს მეხიკოში, უკვე მოპოვებული ჰქონდა 1 ოქროს მედალი.

შპიცი 36 წლის განმავლობაში ფლობდა ერთ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლების რეკორდს (7), სანამ ფელპსმა პეკინში 8 ოქროს მედალი არ მოიგო (2008 წელი).

მარკ შპიცი

5. ჯესი ოუენსი (აშშ)

ჯესი ოუენსმა მხოლოდ ერთ ოლიმპიადაზე იასპარეზა, მან გადალახა დისკრიმინაცია და რთულ ვითარებაში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

მან გაიმარჯვა 100 მ, 200 მ, 4x100 მ ესტაფეტაში და სიგრძეზე ხტომაში 1936 წლის ოლიმპიადაზე, ნაცისტურ გერმანიაში, რითაც აჩვენა შეუპოვრობის საუკეთესო მაგალითი. მისი გავლენა საზოგადოებრივ აზროვნებაზე აღემატება სპორტულ მიღწევებს და ის, რა თქმა უნდა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპიელია.

ჯესი ოუენსი (ის, ვინც ნაცისტურ მისალმებას არ აკეთებს)

4. უსეინ ბოლტი (იამაიკა)

მიუხედავად იმისა, რომ უსეინ ბოლტს შეიძლება არ აქვს იმდენი ოლიმპიური მედალი, როგორც სხვებს ამ სიაში, მისი პოზიცია ასახავს აბსოლუტურ დომინირებას თავისი სპორტის სახეობაში და იმას, რამაც იგი სამი ოლიმპიური თამაშების სახედ აქცია.

იამაიკელ ვარსკვლავს რვა ოქროს მედალი აქვს (მისი იამაიკელი თანაგუნდელის დისკვალიფიკაციის გამო ერთი ჩამოერთვა / 2017 წელს). ის ერთადერთი სპრინტერია, რომელმაც მოიგო ოლიმპიური ოქრო 100 მ და 200 მეტრზე ზედიზედ სამ თამაშზე - პეკინი 2008, ლონდონი 2012 და რიო დე ჟანეირო 2016. მისი სხვა ოქროს მედლები 4x100 მ ესტაფეტაზე მოდის. ბოლტი კვლავ ფლობს მსოფლიო რეკორდებს 100 მ და 200 მ დისტანციებზე.

უსეინ ბოლტი

3. ლარისა ლატინინა (საბჭოთა კავშირი)

ლარისა ლატინინას ეკუთვნოდა რეკორდი ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლით მანამ, სანამ ცურვის ლეგენდა მაიკლ ფელპსი 2012 წელს, ლონდონში, მის შედეგებს გააუმჯობესებდა. ტანმოვარჯიშე ოლიმპიურ თამაშებზე საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა და ჯამში 18 მედალი მოიპოვა. ეს მოიცავდა ცხრა ოქროს მედალს, რომელიც მოიპოვა მელბურნში 1956 წელს, რომში 1960 წელს და 1964 წელს ტოკიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ყველა დროის საუკეთესო ტანმოვარჯიშედ სიმონე ბაილსი მიაჩნია, თამაშებზე ლატინინას თანმიმდევრულობა ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა ოლიმპიურ სცენაზე.

ლარისა ლატინინა

2. კარლ ლუისი (აშშ)

კარლ ლუისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად და ადვილი გასაგებია რატომ. მან გაიმეორა თავისი ბავშვობის გმირის, ჯესი ოუენსის მიღწევები 1984 წელს, ლოს ანჯელესში, როცა ოთხი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან ტრიუმფით დაასრულა 100 მ, 200 მ, სიგრძეზე ხტომა და 4x100 მ დისციპლინები.

ლუისმა მოიპოვა კიდევ ხუთი ოლიმპიური ოქროს მედალი სეულში 1988 წელს, ბარსელონაში 1992 წელს და ატლანტაში 1996 წელს, მათ შორის წარმატებით დაიცვა სიგრძეზე ხტომის ტიტული სამივე თამაშზე.

ის ერთ-ერთია იმ სამი ოლიმპიელიდან, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ერთი და იგივე ინდივიდუალური ტურნირი და არის ოთხი ოლიმპიური სპორტსმენიდან ერთ-ერთი, რომელმაც ცხრა ოქროს მედალი მოიპოვა.

კარლ ლუისი

1. მაიკლ ფელპსი (აშშ)

მაიკლ ფელპსი არა მხოლოდ საუკეთესო მოცურავეა ისტორიაში, არამედ ის არის ყველა დროის უდიდესი ოლიმპიელი, რომელმაც მანამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.

არავის აქვს იმაზე მეტი ოლიმპიური მედალი, ვიდრე ამერიკელს, მის კარიერაში 28 მედალია, საიდანაც 23 ოქროა და მან ეს ყველაფერი 5 ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლისას დააგროვა. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად გასაოცარია ეს რიცხვი - მასთან ყველაზე ახლოს 9 ოქროს მედლის მფლობელი მხოლოდ 4 სპორტსმენი დგას ისტორიაში.

მაიკლ ფელპსი

სხვა სტატიები