"ვემბანიამასა და მამუკელაშვილის დუეტი საინტერესო სანახავი იქნება" - SpursTalk
NBA-ს დრაფტის ლატარიის გამარჯვებული “სან ანტონიო სპურსი” გახდა. ტექსასურ ფრენჩაიზს შესაძლებლობა მიეცა მომავალ სუპერვარსკვლავად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა დაიმატოს და უდიდესი ალბათობით, “სპურსი” ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
- ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ
- Air Alamo-მ სანდრო მამუკელაშვილი წლის აღმოჩენად დაასახელა
დრაფტის ლატარიის შემდეგ, "სან ანტონიო" სპურსის შემადგენლობის შესახებ სპეკულაციები არ ცხრება. SpursTalk-ი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც მომავალ სეზონში "სპურსის" შესაძლო შემადგენლობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ვემბანიამასა და მამუკელაშვილის დუეტი საინტერესო სანახავი იქნება.
"NBA-ს 2022/23 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. "სპურსმა" რეგულარულ სეზონში მხოლოდ 22 გამარჯვება მოიპოვა და უსახური შედეგის ფონზე, მამუკელაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ. 2.08 სიმაღლის კალათბურთელს უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია - მას შეუძლია სროლა, მოხსნა, პასი და სწრაფი ფიქრის უნარითაა გამორჩეული. ის განსაკუთრებით ათლეტური არაა, თუმცა, პარკეტზე იდეალურად გადაადგილდება.
ვემბანიამა და მამუკელაშვილი კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი იქნება, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. დიდია ალბათობა, რომ ის ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავისთვის იდეალური დამხმარე გახდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკელაშვილი, რომელიც შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება, "სპურსმა" გუნდში უნდა დააბრუნოს", - SpursTalk.
შეგახსენებთ, “სპურსის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.