Belive

ტიტანების შერკინება | ლებრონმა კარის პირადი დუელი მოუგო

9 თვის წინ კალათბურთი
3 წთ

Chase Center-ში შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცარი სანახაობა იხილა, "გოლდენ სტეიტისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება ტიტანების ნამდვილ შეჯახებას ჰგავდა, თამაშის ბედის გადაწყვეტას 2 ოვერტაიმი დასჭირდა, ერთი მხრიდან სტეფ კარი თავისი 9 სამქულიანითა და 46 ქულით და მეორე მხარეს ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ამ ასაკში საოცარი სამმაგი დუბლი დააფისქირა და ლეიკერსს 145:144 მოაგებინა, თანაც ისე, რომ დასრულებამდე არასრული 2 წამით ადრე თავისი გუნდი 1 ქულას აგებდა, "მეფემ" კი საჯარიმო ხაზიდან 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

NBA-ის ყველაზე ხანდაზმულმა მოთამაშემ 20 მოხსნით კარიერული რეკორდი დაამყარა, გახდა ლოს ანჯელეს ლეიკერსის პირველი მოთამაშე, რომელმაც 30-20-10 სამმაგი დუბლის ნიშნულს გადააჭარბა კარიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ, რომელმაც ეს 1976 წელს მოახერხა. 48 წუთში 39 წლის ჯეიმსმა 14/25 სროლით 36 ქულა დააგროვა, 20 მოხსნა შეასრულა და 12 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ჯეიმსს მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს, ლეიკერსმა ერთ მომენტში 15-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო. ენტონი დევისი (45 წუთი, 29 ქულა, 13 მოხსნა), დ'ანჯელო რასელი (49 წუთი, 29 ქულა), ოსტინ რივზი (47 წუთი, 17 ქულა, 6 პასი), ჯარედ ვანდერბილტი (14 ქულა, ცხრა მოხსნა, ხუთი პასი, ოთხი ჩაჭრა) - არცერთ მათგანს 40 წუთზე ნაკლები არ უთამაშია.

გულშემატკივრების გმირი, სტეფ კარი ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე იყო პარკეტზე, მან 46 ქულა დააგროვა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოგება სახლში დაეტოვებინა, სწორედ მან ჩააგდო 6 წამით ადრე სამიანი, რომელმაც გოლდენ სტეიტი 1 ქულით წინ გაიყვანა, თუმცა უკვე ითქვა, რომ წამით ადრე ლებრონმა 2 საჯარიმოთი დაამთავრა თამაში. ალბათ, სწორედ ამიტომ განიცადა ასე ძალიან სტეფ კარიმაც, რომელმაც გასახდელში გასვლის დროს მაისური შემოიხია.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ერთი თამაში ბევრს არაფერს წყვეტს, თუმცა პრინციპული დაპირისპირება, როგორც გუნდებს, ასევე პერსონებს შორის ნამდვილად შედგა და მნახველის მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.

სხვა სტატიები