Belive

თურქეთი ევრობასკეტის დატოვებას არ აპირებს- ატამანი უსაფრთხო გარემოს ითხოვს

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

გუშინდელ მატჩში დაფიქსირებული ინციდენტის შემდეგ, თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა FIBA მკაცრად გააკრიტიკა. თურქების თავკაცს ძალიან არ მოსწონს თბილისში არსებული ვითარება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდით. მე ვამაყობ ბიჭების ბრძოლით. ეს ახალგაზრდა გუნდია და მომწონს ის ატმოსფერო, რომელიც გუნდში ტრიალებს. რა თქმა უნდა, მომხდარმა ინციდენტებმა დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე და საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა."

ატამანის თქმით, გუნდი პროტესტის ნიშნად ევრობასკეტს არ დატოვებს. ის აცხადებს, რომ თბილისში საშინელი ვითარებაა და სხვა ნაკრებებიც უკმაყოფილონი არიან.

„არა, ჩვენ არ ვფიქრობთ ტურნირის დატოვებაზე. მე ვესაუბრე სხვა გუნდებს და არავინაა კმაყოფილი არსებული სიტუაციით, ყველა წუწუნებს. ვესაუბრე, როგორც მონტენეგროს წარმომადგენლებს, ისე სერხიო სკარიოლოს და არავინაა კმაყოფილი არსებული ვითარებით.“

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტია. დღეს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა დამირეკა, მე და ფედერაციის პრეზიდენტს და ყველა ზრუნავს ჩვენზე. ჩვენი მოთამაშეების უსაფრთხოება უპირველესია. ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ვართ ჩამოსულნი, სულ ეს არის."

ატამანმა აღნიშნა, რომ დაპირისპირების შემდეგ, კორკმაზი კარგად არის, თუმცა, დაშავდა სამწვრთნელო შტაბის წევრი, რომელიც მის დაცვას ცდილობდა.

”მე დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც მსაჯმა მოედნიდან გამაძევა. რაც შეეხება მსაჯებს, ოსმანის მიერ აღებული ფოლი ისეთი უხეში არ იყო, როგორც არბიტრმა შეაფასა. ძალიან გაკვირვებული ვარ მსაჯების გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე პოლიციის ესკორტი და დაცვა არ იყო. ჩვენი კალათბურთელები სასტუმროში კარგად ვერ იკვებებიან. საჭმელი სპორტსმენისთვის შესაფერისი არ არის. ორგანიზაციული თვალსაზრისით უამრავი რამით ვარ უკმაყოფილო.”

თურქეთის ნაკრები პარკეტს ხვალ ბელგიის წინააღმდეგ დაუბრუნდება, შემდეგ შეხვედრას კი ესპანეთის წინააღმდეგ ოთხშაბათს გამართავს.

სხვა სტატიები