Belive

თორნიკე შენგელია: ,,მხარზე მეტად სული მტკივა, რადგან ნაკრების დახმარებას ვერ შევძლებ''

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

,,ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან!

იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა. მაგრამ, სპორტში, სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია.

მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს.

თუმცა, დღეს მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტივაციას და ძალას შემატებს ჩვენს ბიჭებს!

ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენს თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!'' - წერს თორნიკე შენგელია.

დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს იტალიასთან სტუმრად გამართავს. გუნდთან ერთად იქნება თორნიკე შენგელიაც, რომელსაც წინასწარი დათვალიერება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს.

სხვა სტატიები