თბილისური შეკრება დასრულდა - ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე შეარჩია
დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პირველი ეტაპი, რაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის წამოიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის გენერალური შეკრება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 23 თებერვალს დაიწყება, მანამდე კი, 17-21 თებერვალს თბილისში სუპერლიგის 15 მოთამაშისგან შემდგარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც 5 კალათბურთელის გამოვლენა იყო, რომლებიც ლეგიონერებს დანიაში შეუერთდებოდნენ.
თბილისში სუპერლიგელებს დაემატა და 5-დან ბოლო 2 ვარჯიში ჩაატარა ეროვნული ნაკრების ახალმა ამერიკელმა ლეგიონერმა, მარკის რიდმა.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს 5 ვარჯიში ჰქონდა, სუპელრიგის 15 მოთამაშიდან 5 კალათბურთელი შეარჩია. ბოლო თბილისური ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა არჩევანი ამ მოთამაშეებზე შეაჩერა: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი ტურძილაძე (თსუ) და ვილი ისიანი (რუსთავი).
ხვალ შერჩეული კალათბურთელები დანიაში გაემგზავრებიან, სადაც კაპიტან თორნიკე შენგელიას გარდა 22 თებერვალს ნაკრების ყველა ლეგიონერი ჩავა: დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია) და ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია). შენგელიას კლუბ ბარსელონას ევროლიგაში 25 თებერვალს თამაში აქვს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში დანიას ჯერ 27 თებერვალს, კოპენჰაგენში დაუპირისპირდება, შემდეგ კი თბილისში, 2 მარტს უმასპინძლებს.