Belive

სუპერფინალის მეოთხე თამაშში დალასმა ბოსტონი გაანადგურა

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის სუპერფინალური სერია მშრალი ანგარიშით აღარ დასრულდება. "დალას მავერიქსმა" 3:0-დან რეაბილიტაცია მოახერხა და "ბოსტონს", სერიის მეოთხე თამაშში, დიდი ანგარიშით - 122:84 მოუგო. შეხვედრა დალასში, American Airlines Center-ში ჩატარდა და ისე წარიმართა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ციფრები, რომლებიც ტაბლოზე ანგარიშის გრაფაში იცვლებოდა, უმნიშვნელოდ იქცა.

ბოსტონი 38 ქულის სხვაობით დამარცხდა და სუპერფინალების ისტორიაში ეს მესამე ყველაზე დიდი სხვაობაა მოგებულსა და წაგებულს შორის. მართალია, 3-0-დან სერია არავის არასდროს დაუტრიალებია, თუმცა ბოსტონელებს ის მაინც უნდა ახსოვდეთ, რაც თავად შარშან გააკეთეს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, "მაიამი ჰიტთან", მათ 3-0-დან ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს და საქმე მე-7 თამაშამდე მიიყვანეს, სადაც დამარცხდნენ, მაგრამ მატჩი საკუთარ კედლებში ჩაატარეს და ფავორიტებად უკვე თავად ითვლებოდნენ.

დალასი სერიაში ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის კარგი თამაშის წყალობით დარჩა. სლოვენიელი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 29 ქულით, ხოლო ირვინგმა მას მხარი 21 ქულით აუბა. ლუკამ 25 ქულა მხოლოდ პირველ ტაიმში ჩააგდო და შედეგი 61:35 დაფიქსირდა, რამაც მეორე ტაიმს ინტრიგა თითქმის დაუკარგა.

სერიის მეხუთე შეხვედრა უკვე ბოსტონში, ლეგენდარულ TD გარდენში გაიმართება, მოგების შემთხვევაში სელტიკსი ნანატრ ჩემპიონობას სახლში იზეიმებს.

სხვა სტატიები