სლოვენიასთან დავმარცხდით, თუმცა, ჯგუფიდან გასვლის იდეალური შანსი გვაქვს
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის F-ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და სლოვენიის დაპირისპირება შედგა. ტურნირის ერთ-ერთ ლიდერთან დაპირისპირებაში, საქართველომ იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, 67:88 დამარცხდა.
საქართველოს წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში, ლომის წილი ლუკა დონჩიჩმა დაიდო. სლოვენიის ნაკრების ლიდერმა პარკეტზე 34 ქულის, 10 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. საქართველოს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულასთან ერთად, 7 მოხსნისა და 1 ასისტის დაგროვება შეძლო.
სლოვენიელებმა ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოიყენესდა "თერნოვერების" შედეგად 26 ქულა დააგროვეს. მეტოქემ მეორე შანსის ქულებითაც გვაჯობა (16:4).
სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის იდეალური შანსი აქვს. 30 აგვისტოს, ქვეჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ვენესუელის ნაკრებს დავუპირისპირდებით და ყველაფერი ჩვენს თავზე იქნება დამოკიდებული.