Belive

შენგელიასთვის ბრძოლაში პანათინაიკოსს ტიტულოვანი კონკურენტი გამოუჩნდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელია, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ტრევიზოში შეუერთდა, იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა იტალიური სპორტული გამოცემა შენგელიას მომავალთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ "ვირტუსის" ქართველი კალათბურთელის გადაბირებით, ევროპული კალათბურთის გრანდები ინტერესდებიან.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "პანათინაიკოსი", რომელიც შენგელიას გადაბირებას გასულ სეზონშიც ცდილობდა, ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერის ერთადერთი მსურველი არაა. წყარო აღნიშნავს, რომ ბერძნულ კლუბს კონკურენციის გავლა მადრიდის "რეალთან" მოუწევს.

თორნიკე შენგელია "ვირტუსს" 2022 წელს შეუერთდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. შენგელიას კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და გახანგრძლივების შესახებ არსებული პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში, "ვირტუსმა" მას წელიწადში 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, რაც იტალიური საკალათბურთო კლუბისთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ "პანათინაიკოსისა" და "რეალისთვის" დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ევროლიგის გასულ სეზონში შენგელია საშუალოდ 14.5 ქულას, 5 მოხსნასა და 3.3 პასს აგროვებდა. თითქმის იდენტურია იტალიის ჩემპიონატის მაჩვენებელიც - 13.6 ქულა, 4.9 მოხსნა, 3.1 პასი.

სხვა სტატიები