Belive

SB Nation: "მამუკელაშვილი სან ანტონიოში სრულ სეზონს იმსახურებს"

1 წლის წინ კალათბურთი
4 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და "სან ანტონიო სპურსის" ლეგიონერის - სანდრო მამუკელაშვილის შესახებ, ამერიკული მედია დადებით კონტექსტში საუბარს აგრძელებს.

ავტორიტეტული ტაბლოიდების შემდეგ, მამუკელაშვილის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალება SB Nation-ი წერს. გამოცემა მამუკელაშვილის ბრწყინვალე სტატისტიკას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ქართველი ლეგიონერი "სპურსისგან" სრულ კონტრაქტს იმსახურებს.

სანდრო მამუკელაშვილი

2022-23 სტატისტიკა "სპურსში": 19 მატჩი, 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა, 2.4 ასისტი, 45.3% პერიმეტრიდან, 34% 3-ქულიანები.

2022-23 კონტრაქტი: 1-წლიანი მინიმალური კონტრაქტი

კონტრაქტის სტატუსი: შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი

ასაკი: 23

მიუხედავად იმისა, რომ "სპურსში" სეზონის მიწურულს გადავიდა, ადგილობრივმა პუბლიკამ მალევე შეიყვარა და მეტსახელი შეურჩია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "მამუმ" თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეძლო. სანდრო მამუკელაშვილმა ან უბრალოდ "მამუმ" გუნდში თავი დაიმკვიდრა. არა, ჯერ "მანუ" არაა, თუმცა რამდენიმე შეხვედრაში ბრწყინვალე მოქმედებებით აღაფრთოვანა პუბლიკა, რის შემდეგაც Twitter-ზე მამუკელაშვილისა და მანუ ჯინობილის შედარებამ გაიჟღერა.

მარტში, "მილუოკიდან" გათავისუფლების შემდეგ, მამუკელაშვილი "სან ანტონიოს" შეუერთდა, სადაც შანსი მალევე მიიღო - მამუკელაშვილს, როგორც სათადარიგოდან შესვლის, ასევე სასტარტო ხუთეულიდან თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

"მამუ" პოზიციით ცენტრია, თუმცა სოლიდური პასის კულტურა აქვს, პერიმეტრიდან იდეალურად უტევს და მატჩს ამწვავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკელაშვილი "სპურსის" სათამაშო სტილში იდეალურად ჩაჯდა, რომელიც სწრაფ შეტევასა და ბურთის გათამაშებას გულისხმობს. "მამუმ" სამწვრთნელო შტაბის ნდობა მალევე მოიპოვა.

"ის არის კალათბურთელი, რომელმაც იცის როგორ ითამაშოს. ის იმდენად ჭკვიანია, რომ მომენტალურად მოვიხიბლე - ჩვენთვის დიდი სამუშაო გასწია", - გრეგ პოპოვიჩი.

მამუ სოლიდურად გამოჩნდა, იმ დროს, როდესაც "სან ანტონიოს" ყველაზე მეტად დასჭირდა. ჩარლზ ბესიმ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. ზაკ კოლინსსაც პრობლემები ჰქონდა და მამუკელაშვილმა 19-დან 7 შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იასპარეზა. მისმა ენერგიამ გუნდს რაღაც ახალი შეჰმატა. "მამუმ" მოახერხა და შეტევაში პასები ისეთი ოსტატობით დაარიგა, როგორიც მხოლოდ მცველებს შეუძლიათ. გარდა ამისა, მან შავი სამუშაოც მრავლად შეასრულა.

სამომავლო პერსპექტივა

მამუკელაშვილი "სპურსის" იმ ახალგაზრდა კალათბურთელებს შორისაა, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან. მამუკელაშვილს კონკურენცია არა მხოლოდ თანაგუნდელებთან, არამედ დრაფტის შესაძლო 3 კანდიდატთანაც მოუწევს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "მამუმ" სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ორმხრივ კონტრაქტს დათანხმდეს. თუკი მამუკელაშვილი რუსტერში გარანტირებულ ადგილს ვერ მიიღებს, იგი გუნდის დატოვებაზე სერიოზულად იფიქრებს.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მამუკელაშვილმა "სპურსში" სოლიდური განაცხადი გააკეთა. ეჭვგარეშეა, რომ ფრენჩაიზს მისი შენარჩუნება მინიმუმ 1 სრული სეზონის განმავლობაშიც ენდომება, რათა დააკვირდნენ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. გუნდში, რომელიც ფორმირების პროცესშია, მამუკელაშვილმა სიახლე შეიტანა. ამიტომ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ლოგიკური იქნება, რომ "სპურსმა" მამუკელაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.

საუკეთესო მატჩი

9 აპრილი Vs. "დალასი": 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 7-დან 4 სამქულიანი.

SB Nation-მა სანდრო მამუკელაშვილს B შეფასება დაუწერა, რაც შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ "მამუ" არის მე-4 კალათბურთელი, რომლის შესახებაც ავტორიტეტულმა გამოცემამ ისაუბრა და წინა შემთხვევებში გაცილებით დაბალი შეფასება დაწერა: ჯულიან შამპანი (B-), დომინიკ ბერლოუ (C), გორგი დენგი (D).

სხვა სტატიები