საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის K-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა (100:73) და საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
დაპირისპირების პირველი ნახევარი შედარებით დაძაბული გამოდგა და მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა - შესვენებაზე, გერმანია მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობით (43:41) გავიდა, თუმცა, მე-3 მეოთხედი გარდამტეხი აღმოჩნდა. მე-3 მეოთხედში გერმანიამ 11-ქულიანი სხვაობით, 27:16 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებმა მატჩის გადარჩენა მე-4 პერიოდში სცადა, მაგრამ მოვლენები მე-3 პერიოდის მსგავსი სცენარით განვითარდა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დავმარცხდით.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაოდო ლო გახდა (18 ქულა, 5 ასისტი). გამორჩეული მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა - დენის შროდერმა, რომელმაც 16 ქულის, 1 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ასევე გამორჩეული იყო მორიტც ვაგნერი (14 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი).
საქართველოს რიგებში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 19 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გოგა ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები K-ჯგუფის დასკვნით შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.