საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარეობს ოთხთა ტურნირი "აკროპოლისის თასი", სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველო, თურქეთი, პოლონეთი და საბერძნეთი.
დღეს ჩვენი ნაკრები მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა და აღნიშნული შეხვედრა 80:67 დათმო. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის მეორე მარცხია. პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ 88:101 წავაგეთ.
როგორც პირველ შეხვედრაში, ასევე დღესაც საქართველოს ნაკრები საწყის წუთებში კარგად გამოიყურებოდა და გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქეზე ერთი დავით მაღლა იდგა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში მწყობრად ითამაშა და მეტოქეს 20 წუთში მხოლოდ 34 ქულა ჩააგდებინა. პირველი ტაიმი საქართველოს სასარგებლო 37:34 დამთავრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ნახევარში ბერძნებმა მხოლოდ 2 სამიანი ჩააგდეს. როგორც ჩანს, მეორე ტაიმში მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა, მის შეგირდებს დაავალა, რომ პერიმეტრი უფრო დაეტვირთათ და ამან შედეგიც გამოიღო. საწყის 7 წუთში მასპინძლებს 9 ტყორცნიდან 5 სამიანი ჰქონდათ გამოყენებული და დიდი უპირატესობაც მოიპოვეს. მიუხედავად ილია ზუროსის როტაციებისა, ჩვენმა გუნდმა უპირატესობის აღმოფხვრა ვერ შეძლო, საბოლოო ჯამში დავმარცხდით.
საბერძნეთის ნაკრებში არ უთამაშია მათ ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოს, რომელსაც მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებსაც აკლდა NBA-ის კალათბურთელი – გოგა ბითაძე, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს. ასევე ჩვენ გუნდს, გუშინდელ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა კახა ჯინჭარაძე. მატჩის წინ საქართველოში გამოფრინდა ნაკრების წინახაზელი ილია ლონდარიძე, რომელსაც მამა გარდაეცვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები "აკროპოლისის თასზე" პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. ბოლო შეხვედრა ჩვენი ნაკრებისა ხვალ, 19 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.