საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოთხთა ტურნირი “აკროპოლისის თასი” მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველო, თურქეთი, პოლონეთი და საბერძნეთი.
18 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა და აღნიშნული შეხვედრა 80:67 დათმო. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის მეორე მარცხია. პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ 88:101 წავაგეთ.
საბერძნეთის ნაკრებში არ უთამაშია მათ ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოს, რომელსაც მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. მატჩის დასრულების შემდეგ, იანისი სანდრო მამუკელაშვილს შეხვდა. სამწუხაროდ უცნობია, თუ რის შესახებ ესაუბრა "მილუოკი ბაქსის" ლიდერი თანაგუნდელს, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სანდროსა და იანისს შორის გულთბილი საუბარი შედგა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები “აკროპოლისის თასზე” პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრების დასკვნითი მატჩი, 19 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.