'სამმაგი დუბლების მეფე' | რასელ ვესტბრუკმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა
NBA-ის სამმაგი დუბლის მეფემ, 37 წლის რასელ ვესტბრუკმა 18-სეზონიანი ბრწყინვალე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ემოციურ 3.5-წუთიან ვიდეოში ბევრი ისაუბრა მისი კარიერის შესახებ და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
2008 წლის დრაფტის მე-4 ნომერმა, რომელმაც 11 სეზონი ოკლაჰომაში გაატარა და კევინ დურანტთან ერთად გუნდი 2012 წლის ფინალამდე მიიყვანა, კარიერა საკრამენტო კინგსში დაასრულა, სადაც გასულ სეზონში საშუალოდ 15.2 ქულასა და 6.7 მოხსნას აგროვებდა.
"Russell Westbrook has passed his way into NBA history."
— NBA (@NBA) August 12, 2026
The all-time triple-doubles leader and 5th all-time in assists… congrats on retirement to one of the game’s great playmakers, @russwest44! pic.twitter.com/3VoE72CTEH
ვესტბრუკი NBA-ის ისტორიაში შევიდა, როგორც რეგულარულ სეზონებში ყველაზე მეტი (209) სამმაგი დუბლის ავტორი. განსაკუთრებით ისტორიული გამოდგა მისი 2016-17 წლების სეზონი, როდესაც MVP-ის ტიტული მოიპოვა - მაშინ მან სეზონში რეკორდული 42 სამმაგი დუბლი შეასრულა და საშუალოდ 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 პასი დააგროვა.
ამით იგი გახდა პირველი კალათბურთელი ოსკარ რობერტსონის შემდეგ, რომელმაც მთელი სეზონი სამმაგი დუბლის საშუალო მაჩვენებლით დაასრულა. კარიერის განმავლობაში ვესტბრუკმა ოლ-სტარის მატჩში 9-ჯერ ითამაშა (ორჯერ MVP გახდა), 3-ჯერ გახდა ლიგის საუკეთესო ასისტენტი და 2-ჯერ საუკეთესო მექულე.
1301 რეგულარული სეზონის მატჩში ვესტბრუკის კარიერული მაჩვენებლები 20.9 ქულას, 8 პასსა და 6.9 მოხსნას შეადგენს, ხოლო პლეი-ოფის 135 შეხვედრაში - 22.5 ქულას, 7.1 პასსა და 6.7 მოხსნას.
NBA-ის ისტორიაში იგი ყველა დროის ასისტენტთა შორის მე-5 ადგილზეა (10,351 პასი), ხოლო მექულეთა შორის - მე-14 პოზიციაზე (27,176 ქულა). 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი, კალათბურთის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლ, ათლეტურ და დაუღალავ კალათბურთელად.