ქართველების გუნდები ერთმანეთის პირისპირ - გამარჯვება ორლანდოს დარჩა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, "ორლანდო მეჯიქმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 112:111 გაიმარჯვა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სანდრო მამუკელაშვილი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა, გოგა ბითაძემ კი ორლანდოს ძირითად ხუთეულში დაიწყო, ამიტომ ქართველების პარკეტზე დაპირისპირება არ შედგა.
მატჩის ბედის გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა - უკანასკნელ 12 წუთს სპურსი 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა მეჯიქმა თამაში დაქაჩა და მეოთხე მეოთხედი ზუსტად 8 ქულით მოიგო.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი გაატარა - არ იყო ისეთი შედეგიანი, როგორც მიგვაჩვია, მან მხოლოდ 2-ჯერ სცადა თამაშიდან ქულების აღება და ერთხელ ჩააგდო. გოგას მონაგარი 2 ქულა და 9 მოხსნაა. ორლანდომ შეხვედრა ფრანც ვაგნერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოიგო, გერმანელს 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
სპურსი შემდეგ შეხვედრას "ვაშინგტონ უიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ორლანდო კი საკუთარ დარბაზში "ატლანტა ჰოუკსს" მიიღებს.