Belive

პარტიზანისა და რეალის მატჩში ევროლიგის რეკორდი დამყარდა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ევროლიგის პლეი-ოფის მე-3 შეხვედრაში, "პარტიზანისა" და "რეალის" დაპირისპირება შედგა. ბელგრადში, "Stark Arena"-ზე გამართულ დრამას, 20.091 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ევროლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

რეკორდული რაოდენობის გულშემატკივრის მიუხედავად, დაპირისპირება "პარტიზანის" მარცხით 80:82 დასრულდა. სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "რეალმა" სერიაში ანგარიში შეამცირა (1:2).

მადრიდში მომხდარი ინციდენტის გამო, აღნიშნული დაპირისპირება უდიდესი ინტრიგის მატარებელი გახლდათ - მატჩს ჩაშლის საფრთხეც ემუქრებოდა, რადგან "რეალი" უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გარეშე, ბელგრადში ჩასვლაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ, სერბულმა მხარემ მადრიდელთა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და მატჩმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ ევროლიგაში ყველაზე აქტიურად "პარტიზანს" გულშემატკივრობენ. 2022/23 წლების სეზონის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "პარტიზანის" საშინაო მატჩებს საშუალოდ 17.763 გულშემატკივარი ესწრებოდა. მეორე ადგილი "ჟალგირისმა" დაიკავა (14.801), მესამე ადგილს კი "ანადოლუ ეფესი" დასჯერდა (13.114). "რეალის" საშინაო მატჩებს ყველაზე ნაკლები გულშემატკივარი ესწრებოდა - მადრიდში დასწრების საშუალო მაჩვენებელი 7.625 უდრის.



"პარტიზანისა" და "რეალის" მორიგი დაპირისპირება კვლავ ბელგრადში, 4 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები