ორლანდომ მოიგო, სან ანტონიო დამარცხდა - ბითაძესა და მამუკელაშვილს არ უთამაშიათ
დღეს NBA-ში ორივე ქართველის - გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა ითამაშეს.
,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,კლივლენდ კავალიერსი'' სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:109 დაამარცხა.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით მატჩში გოგა ბითაძეს არ უთამაშია. ,,მეჯიქს'' 22 ქულით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით მორიც ვაგნერმა ულიდერა.
5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 122:127 წააგო ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,საკრამენტო კინგსთან''. მწვრთნელისგან სათამაშო დრო ვერც სანდრო მამუკელაშვილმა მიიღო.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, რომელმაც 19 ქულა, 13 მოხსნა, 5 დაფარება, 5 ჩაჭრა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ,,კინგსის'' ცენტრმა, დომანტას საბონისმა - 22 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი, 1 დაფარება.
,,ორლანდო მეჯიქი'' 31 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 11 მოგებითა და 45 მარცხით დასავლეთში ბოლოა.
ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 25 თებერვალს, ,,დეტროიტ პისტონსთან'' სტუმრად გამართავს, ,,სპურსი'' კი ხვალ ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' ესტუმრება.