ოკლაჰომამ ინდიანას გაუთანაბრა | სუპერფინალი გრძელდება
NBA-ის სუპერფინალური სერიის მეორე მატჩში გამარჯვება ოკლაჰომას დარჩა. ოკლაჰომელებმა ისევ საკუთარ დარბაზში ითამაშეს და ინდიანა პეისერსი 123:107 დაამარცხეს, შესაბამისად, საერთო ჯამში, ანგარიშიც გათანაბრდა (1:1).
მასპინძლებმა პირველი სამი მეოთხედი მოიგეს და მხოლოდ მეოთხე დათმეს 3 ქულის სხვაობით. აღსანიშნავია, რომ მატჩში ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშეების პირველ ოთხეულს ოკლაჰომას კალათბურთელები ინაწილებენ. შაი გილჯეს-ალექსანდერი (34 ქულა), ალექს კარუზო (20 ქულა), ჯეილენ უილიამსი (19 ქულა) და აარონ უიგინსი (18 ქულა). მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პეისერსის ტაირის ჰალიბარტონი, რომელმაც 17 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა გუნდს.
ინდიანა პეისერსს NBA არასდროს მოუგია, ხოლო ოკლაჰომას შორეულ წარსულში ერთხელ აქვს მოგებული და ისიც მაშინ, როცა გუნდი სხვა სახელით სხვა ქალაქში თამაშობდა - ეს გუნდი ოკლაჰომაში 2008 წლიდან გადმოვიდა და შესაბამისად, ამ სახელით, მათთვისაც პირველი ჩემპიონობა იქნება.
სერიის მესამე შეხვედრა ამჯერად ინდიანაპოლისში, 12 ივნისს ჩატარდება.