ნიქსმა სერია დახურა. პირველი სუპერფინალისტის ვინაობა ცნობილია
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეოთხე შეხვედრაში, ნიუ იორკმა კლივლენდი დიდი ანგარიშით, 130-93 დაამარცხა და ოცდაშვიდწლიანი პაუზის შემდეგ, სუპერფინალში გავიდა. ნიქსმა სათამაშო უპირატესობა მეორე მეოთხედის დასაწყისში მოიპვა და მომდევნო სამი მეოთხედის განმავლობაში, საშუალოდ, 27-ქულიანი სხვაობით იგებდა. კონფერენციის ფინალის MVP ჯეილენ ბრანსონი გახდა, რომელსაც სერიაში, საშუალოდ, 25 ქულა ჰქონდა. ზოგადად, ნიქსმა, კლივლენდთან, ყველა თამაში ძალიან გუნდური და დაბალანსებული კალათბურთით მოიგო. ნიუ იორკმა, ოთხივე შეხვედრაში, ჯამში, 475 ქულა ჩააგდო. აქედან კი 114 (დაახლოებით 25 %), სათადარიგო მოთამაშეების ანგარიშზე იყო. მეოთხე შეხვედრაში 14 კალათბურთელიდან, 6 ჰქონდა 10+ ქულა და არც ერთს 20 ქულაზე მეტი. ნიქსის რიგებში ყველაზე პროდუქტიული კარლ-ენტონი თაუნსი იყო, რომელმაც 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. გუნდის სხვა ლიდერების ქულათა მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: ოჯი ანუნობი - 17 ქულა, მიკალ ბრიჯესი და ჯეილენ ბრანსონი 15-15. სათადარიგო მოთამაშეებიდან კი, ყველაზე მეტად, გამოირჩნენ ლენდრი შამეტი 16 ქულით და მაილს მაკბრიდი 11 ქულით.
ნიუ იორკმა, ამ საპლეიოფო სეზონში, ფრენჩაიზის რეკორდიც დაამყარა და ზედიზედ 11 თამაში მოიგო. ნიქსი, პირველ რაუნდში, ატლანტასთან 2-1 აგებდა. შემდეგ კი ზედიზედ 3 თამაშში გაიმარჯვა, რასაც კონფერენციის ნახევარფინალსა და ფინალში, ჯერ ფილადელფიასთან, შემდეგ კი კლივლენდთან, 4-0 სერიები მოჰყვა. კონფერეციის ფინალში გამარჯვებამ, ნიუ იორკს მეცხრე სუპერფინალური საგზური მოუტანა. წინა რვა ფინალიდან, ნიქსმა მხოლოდ ორი მოიგო და ორივე ლეიკერსის წინააღმდეგ 1970 და 1973 წლებში. სხვადასხვა დროს კი, ნიუ იორკი, სუპერფინალში, ექვსჯერ დამარცხდა. 1951 წელს NBA-ის ძველი გუნდის, როჩესტერ როიალსის, 1952, 1953 და 1972 წლებში ლეიკერსის, 1994 წელს ჰიუსტონის, ხოლო ბოლოს, 1999-ში სან ანტონიოს წინააღმდეგ.
START SPREADING THE NEWS 🗞️ pic.twitter.com/APhMfwgT2B
— NEW YORK KNICKS (@nyknicks) May 26, 2026
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, იქ, სან ანტონიო vs ოკლაჰომა გვაქვს. მეოთხე შეხვედრა ტეხასელებმა დამაჯერებლად, 21-ქულიანი სხვაობით, 103-82 მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს (2-2). აღნიშნულ დაპირისპირებაში, სპურსის ფრანგ ლიდერს, ვიქტორ ვემბანიამას, 33 ქულა ჰქონდა. 12 ქულითა და 10 მოხსნით, ორმაგი დუბლი შეასრულა დე აარონ ფოქსმა. კონფერენციის ფინალის მოსაგებად, გუნდებს 2 თამაშის მოგება ჭირდებათ. ოკლაჰომას შანსი აქვს, ზედიზედ მეორედ ითამაშოს სუპერფინალში. სან ანტონიოს გასვლით კი, 1999 წელი მეორდება.