Belive

მონტენეგრომდე უნდა მივაღწიოთ... | 'ევრობასკეტ2022'

2 წლის წინ კალათბურთი
11 წთ

'ევრობასკეტ2022'-ის დაწყებას ისეთი მოლოდინითა და იმედით ვხვდებოდი, როგორც არასდროს არაფერს.

თუმცა, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ჩემთვის ძალიან დასაფასებელმა მოთამაშემ - თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე წინასწარვე გავიგეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ისე ველოდებოდი, როგორც ზემოთ აღგიწერეთ, კაპიტნის და ამავდროულად ნაკრების ყველაზე ძლიერი მოთამაშის (არც კი გაიელვოთ ტვინში ის, რომ შენგელიაზე ძლიერი მოთამაშე ვინმეა ნაკრებში) გარეშე დავრჩით.

მოლოდინი ძალიან დიდი იყო იმიტომ, რომ დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრები იძლეოდა იმის თქმის საშუალებასაც, რომ ტურნირის ფავორიტების სიაში, სადღაც ჩვენი ჩუმი ადგილი მაინც გვქონდა.

დღეს ასეთი მდგომარეობაა - ჯგუფური ეტაპი საბოლოო ფაზაში გადავიდა, სადაც თითოეულ ჯგუფში მაღალი კონკურენცია და რამდენიმე გადამწყვეტი შეხვედრაა დარჩენილი, თუმცა ქართული სპორტული აუდიტორიის ეპიცენტრი A ჯგუფია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

1 სექტემბრიდან "თბილისი არენაზე" სტარტი აიღო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატმა, სადაც A ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, კიდევ 5 ქვეყნის ნაკრებით დაკომპლექტდა - ესპანეთი, ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და თურქეთი.

ჩვენმა ნაკრებმა ევროტურნირი 2 მარცხით დაიწყო - ბელგიასთან და ესპანეთთან. პირველს (ბელგიასთან) არ ველოდით და ერთგვარი 'მიკროინფარქტიც' დაგვემართა, როგორც ქომაგებს, ასევე გუნდს. მეორეს (ესპანეთთან) ველოდით, თუმცა ისეც არა როგორც რიცხვებმა ასახა - 26 ქულით დავმარცხდით ან გაგვანადგურეს.



აქ კიდევ ერთი უიღბლობაც დაგვემატა, რომ გოგა ბითაძემ ბელგიასთან მიკროტრავმა მიიღო და შეხვედრა ვერ დაასრულა მაშინ, როცა სუპერმატჩს ატარებდა და ნაკრებს მოსაგებ გზაზე ფაქტობრივად ხიდად გაუწვა. გოგამ მეორე შეხვედრაშიც მხოლოდ საწყისი რამდენიმე წუთი ითამაშა, მეტი ვერ შეძლო - თურქეთთან საერთოდ არ გვყავდა.

მესამე შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება იყო, რომელიც ქართული სპორტის ქომაგებისთვის "დაუვიწყარი" სანახაობა იყო, ვინაიდან შეხვედრამ ყველაფერი დაიტია - ქართული სპორტისთვის ასე ნაკლული და მონატრებული უძლიერესი ქომაგობა, ე.წ. "ქამბექი" (დიდი ანგარიშით ჩამორჩენის აღმოფხვრა), დაძაბულობა მოთამაშეებს შორის, ორი დამატებითი ტაიმი და მოგების უდიდესი ემოცია.

არც ისე კარგი შთაბეჭდილების შემდეგ, თურქეთთან მოგებამ იმედები ჩაგვისახა, რომ ბერლინში გასამართი პლეი-ოფის საგზურს მოვიპოვებდით, თან თურქეთის შემდეგ ბულგარეთს ვხვდებოდით, რომელმაც ყველასთან წააგო ვისთანაც ითამაშა, მაგრამ ჩვენ მოგვიგო.

მოგვიგო და თანაც როგორ, ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - ერთ შეხვედრაში 19-ჯერ ჩააგდეს 3-ქულიანი ტყორცნა. ანგარიში - 92:80.

საქართველოს მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანი კაცია, გამოდის და უკვე ტრადიციულად ყველაფერს მოთამაშეების ნამუსზე ტოვებს. მეტიც, ბიჭებს რომ შევხედე, შეხვედრის დაწყებამდე მივხვდი რომ ვერ მოვიგებდითო - თითქოს ცოტა შეურაცხმყოფელია, როგორც მოთამაშეების, ასევე გულშემატკივრის მიმართაც.

ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით მწვრთნელზე, ძალიან მოკლედ, "ილიას ზუროსს კალათბურთმა გაასწრო" - ანუ ბევრად უფრო სწრაფია დღეს კალათბურთი, ვიდრე ილიას ზუროსის ტაქტიკური მონახაზები ითვალისწინებს.



ახლა რა ხდება და სად ვართ დღეს, ამ ყველაფრის შემდეგ - ჩვენს ჯგუფში, ცხრილის ბოლო ანუ მე-6 ადგილზე ვართ, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები მაინც გვაქვს.

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველო მონტენეგროს წინააღმდეგ იასპარეზებს, სადაც ფავორიტად ეს უკანასკნელნი არიან წარმოდგენილი, თუმცა ამ შეხვედრამდე უნდა მივაღწიოთ...

საქართველო-მონტენეგროს თამაშამდე ბელგია დაუპირისპირდება ბულგარეთს, სადაც თუ ბელგიელები ვერ გაიმარჯვებენ, საქართველომ მონტენეგრო რომც დაიპყროს ბერლინის საგზურს მაინც ვეღარავინ მოგვცემს.

ანუ, 7 სექტემბერს, ჯერ ბელგია ვართ და მერე საქართველო - ასეთი აღმოჩნდა ჩვენი ბედი. ანუ, ტაბუმ ტაბუ რომ დაგვადო, ხვალ ჩვენ ვეტო უნდა დავადოთ მაგ ფაქტს. ყველაფერი დავივიწყოთ და ბელგია გავამხნევოთ, თანაც მთელი ძალით. თბილისის დროით 18:15 საათზე იწყება ეს მატჩი და თუ ქართული კალათბურთი გიყვართ, მოდით "თბილისი არენაზე" და თქვენი წილი აგური დაადეთ ამ სპორტს.

ამას ისევ ჩვენ, მედიის წარმომადგენლები თუ მოგიწოდებთ და შემდეგ თქვენ, ადამიანები, ერთმანეთს თუ მოუწოდებთ, თორემ სხვა 3 ვარიანტია, რომ ხალხმა იცოდეს რომ საქართველო უდიდეს და ისტორიულ ფაქტს, ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს - ან თბილისი-ბათუმის მატარებელს უნდა მოკრათ თვალი და დაინახოთ რომ თბილისში ევროპის ჩემპიონატი ტარდება, ან საქართველოს ბანკში უნდა დარეკოთ და გიორგი შერმადინის ავტომოპასუხემ უნდა გითხრათ ეს ყველაფერი ან "ახალ გზაზე" უნდა გაიართოთ და სარეკლამო ბანერებს შეხვდეთ.

ამის თქმით შეიძლება კალათბურთელი რესპონდენტები დავკარგო და განაწყენდნენ მარკეტინგული მხარე რომ დავიწუნე. ასეთი ამბები ხდება ხოლმე სპორტში, ჩემს და ალბათ თქვენს საყვარელ საქართველოში - თუ სპორტსმენს გააკრიტიკებ, თუნდაც ჯანსაღად, მტერი ხარ... მეტიც, შეიძლება დაგირეკონ და შეხვედრა გთხოვონ...


301614552_784493015918776_1794686788981433770_n

ჩვენ თქვენკენ ვართ. ჯანსაღი კრიტიკა ერთადერთი გზაა მედიისთვის, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. მხოლოდ თქვენი კარგი გვინდა. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, დაგვიძახეთ და ყველაფერში დაგეხმარებით. დაუმსახურებელი მტრობა ცუდია. "ძალა ერთობაშია".

არ თქმით - ადამიანებს ისევ მივცემ იმის თქმის საშუალებას, რომ ქართული სპორტული ჟურნალისტიკა დაბალ დონეზეა და არ მომწონს ეს ფაქტი. ისე, 'ევრობასკეტ2022'-ის პირველი წუთიდან "თბილისი არენაზე" ვარ და ყველა ჟურნალისტი ვისთანაც მქონდა შეხება იძახის, რომ ასეთი დონის ისტორიულ ტურნირს გაცილებით დიდი "პიარი" სჭირდება.

ამავდროულად, პრობლემა ჩვენშიცაა. როცა ასეთი მნიშვნელობის ტურნირი ტარდება და ’ატამანის’ სალაპარაკო ვხდებით რომ ხალხი არ ესწრება, ხომ იცით რომ რეალობასთან ახლოს არის ეს პროტესტი? ისიც მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი მინიმუმ 20 და 35 ლარი ბევრია (ევროპის ჩემპიონატია და ევროპულ ვალუტაზე მხოლოდ 5-6 ევრო გამოდის ეს ღირებულება) და რთულია გადახდა, ჩემთვისაც რთულია, მაგრამ ცარიელი ტრიბუნები (საქართველოს თამაშების გარდა ყველა მატჩზე) იმის მაუწყებელია, რომ მომავალში საქართველოს მსგავსი ტიპის ღონისძიებების მასპინძლობა ძალიან გაუჭირდება. ზუსტად ასეთი ცარიელი ტრიბუნების შიშია ერთ-ერთი ფაქტორი რაგბის 6-ერზე რომ არ უნდათ ”ბორჯღალოსნების” მიღება. სპორტში ბიზნესის ბევრი ელემენტია ან სპორტი ბიზნესიცაა - ორივენაირად სიმართლეა.

მადლობაც ვთქვათ, მადლობა კალათბურთის ფედერაციას, რომ ევრობასკეტი საქართველოში ტარდება და ვფიქრობ, რომ შენობის შიგნით ყველაფერი რიგზეა, როგორც ადგილობრივი "სტაფისთვის", ასევე მედიისთვისაც. შენობაში ფაქტობრივად ყველაფერი მწყობრშია, გარდა იმისა, რომ ზედა ტრიბუნებზე ბოლო რიგებში გულშემატკივრებს წარმოუდგენლად სცხელათ.

ჰო, ახლა ამ ბლოგს რომ ვწერ, 7 სექტემბერი თენდება და იმასაც გეტყვით, რომ მონტენეგროს ტრადიციულ დროს ვეთამაშებით 21:00 საათზე, როგორც აქამდე ისე უნდა ჩავაგდოთ ჩვენი სამქულიანები გულშემატკივრებმა მონტენეგროს თამაშზეც, მაგრამ იქამდე უნდა მივაღწიოთ...



და რაც ძალიან მინდა რომ ვთქვა - კალათბურთელებო და ზოგადად სპორტსმენებო, როდესაც აგებთ გამოდით და დაგველაპარაკეთ. პრესკონფერენცია ბიუროკრატიული აუცილებლობაა და მაგას კონტრარგუმენტად ნუ მოიყვანთ. საუბარია შერეულ ზონაზე (mix zone), რომელიც იმისთვის არსებობს, რომ თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ანუ მოსახლეობას, თქვენით დაინტერესებულ ადამიანებს ესაუბროთ.

საუბარია იმ შერეულ ზონაზე სადაც მთელი დღის "ნამუშევარი", როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად დაღლილ-დაქანცული ჟურნალისტები გელოდებიან. ჟურნალისტები, რომლებსაც სახლში შვილები, დედები, მამები, დები და ძმები ელოდებიან.

ის, რომ წაგების შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობთ თავს გამართლება არაა, თუ გინდათ და თუ იზომება შევეჯიბროთ თქვენ უფრო გწყინთ წაგება თუ ჩვენ და შეიძლება რიგ შემთხვევებში ჩვენ გაჯობოთ. Mix Zone-ის სტანდარტები არ არსებობს და თუ არსებობს სახელიც იძახის რაცაა - შერეული ზონა, სადაც ჟურნალისტები და სპორტსმენები "შერეულნი" არიან.

მადლობა გიორგი ცინცაძესაც, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ღირსეულად და მკაფიოდ იაზრებს ჟურნალისტიკისა და პატივისცემის მნიშვნელობას.

არ გეგონოთ, რომ ამ ბოლო ნაწილს გაბრაზებით ვწერ. მე და ჩემნაირებს არაფერი დაგვაკლდება შერეულ ზონაში თუ არ გამოვლენ სპორტსმენები, პირიქით, ნაკლები საქმე გვექნება, მაგრამ ნაკლები საქმით და ერთ ადგილას დიდხანს ყოფნით ჩვენ და ჩვენი შვილები ვიჩაგრებით და მომავალშიც დავიჩაგრებით.

წარმატებები ბელგიას ბულგარეთთან და მერე თქვენ ბიჭებო! ნუ გაბრაზდებით თუ ამ ბლოგს აქამდე წაიკითხავთ, თქვენგანაც ვიღებთ კრიტიკას, ვსწავლობთ და დიდი სიამოვნებით მივიღებთ კიდევ უფრო მეტ კრიტიკას - განვვითარდებით, ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ...

იმედია, მონტენეგროს თამაშის შემდეგაც “ხმაჩაგლეჯილი” და ბედნიერი წამოვალ. მეც ზაზა ვარ, მეც 2 მეტრზე მეტი ვარ, მეც ძალიან მიყვარს კალათბურთი და მეც ტრიბუნიდან გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს BIG Z-ის მსგავსად… პარკეტი თქვენია.

სხვა სტატიები