"მამუკელაშვილს კარგი უნარები გააჩნია, ის დიდებული მოთამაშეა" - პოპოვიჩი
“სან ანტონიოს” ქართველმა ლეგიონერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, "სპურსის" შემადგენლობაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 25:20 წუთში მამუმ 20 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოს” რიგებში მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ხოლო ორივე გუნდიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა შეძლო მასზე მეტი (32) ქულის დაგროვება.
მამუს კარგი თამაშის მიუხედავად, დაპირისპირება "ნიუ ორლეანსის" გამარჯვებით, 119:84 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა სანდროს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მას ძალიან კარგად ესმის, თუ როგორ უნდა ითამაშოს - ის ტიპიური ევროპელია. მამუკელაშვილი კარგადაა გაწვრთნილი, უბურთოდ კარგად მოძრაობს და პარკეტზე სივრცეებს ითვისებს. მას შესანიშნავი უნარები გააჩნია. მამუკელაშვილი დიდებული სპორტსმენია", - გრეგ პოპოვიჩი.