1972 წლის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო გათამაშების ფინალი სპორტის ყველა გამოცდილი და სტაჟიანი გულშემატკივრისთვის ცნობილია.
არამხოლოდ კალათბურთს, მთლიანად სპორტის ისტორიას ასეთი დრამატული გადამწყვეტი დაპირისპირება ცოტა თუ ახსოვს. მიუნხენში ერთმანეთს საბჭოთა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები დაუპირისპირდნენ, თუმცა, ფინალში სსრკ-ს ნაკრებს მონაწილეობა შესაძლოა საერთოდ არ მიეღო. საქმე ის გახლდათ, რომ ოლიმპიურ სოფელში პალესტინელი ტერორისტები ისრაელის დელეგაციის შენობას თავს დაესხნენ, რაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა და თამაშზე უარის თქმა გადაწყვიტა, თუმცა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ კონდრაშკინმა თავისი გაიტანა და გუნდმა ოლიმპიადა არ დატოვა.
სწორედ კონდრაშკინი იყო ის ადამიანი, რომელმაც საბჭოთა კალათბურთში ამერიკული დისციპლინა, თანამედროვე სპორტის ელემენტები შემოიღო, ფართოდ გაუხსნა გზა ქართველ კალათბურთელების მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძეს და ოლიმპიადამდე 1 წლით ადრე გააკეთა ყველაზე ამბიციური განცხადება, რომლისაც მთელი საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნებს ეშინოდათ: "ჩვენ ამერიკას დავამარცხებთ!"...
და აი, მართლაც, დადგა 1972 წლის 9 სექტემბერი, დღე, როცა მიუნხენის რუდი-სედლმაიერის არენაზე საკავშირო და შტატების ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გუნდები მაშინ ორ მეოთხედს ატარებდნენ, რომელიც ბოლომდე სრული თანაფარდობით წარიმართა, უკანასკნელი 3 წამი კი ყველაზე დრამატული, ისტორიული და პოპულარული გამოდგა.
ალექსანდრე ბელოვის საბედისწერო შეცდომის შედეგად, რომელსაც მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა, ზურაბ საკანდელიძე იძულებული გახდა ჯარიმა აეღო და მეტოქისთვის 2 ტყორცნის უფლება მიეცა. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირი 49:48-ს იგებდა. მეტოქემ ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა და ამერიკამ მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიში პირველად გაათანაბრა და წინ გასვლაც შეძლო. საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტაიმაუტი მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ დაინახა, გუნდს თამაში გააგრძელებინა, სამ წამში საბჭოელთა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და აშშ-ს ეროვნული გუნდი ზეიმს შეუდგა. მაგრამ არა, ხანგრძლივი კამათის შემდეგ, დადგინდა, რომ საბჭოელთა მოთხოვნა წუთშესვენების შესახებ ლეგიტიმური იყო და გუნდებმა 3 წამი თავიდან გაითამაშეს, თუმცა ამჯერად ტექნიკური ხარვეზის გამო, ტაბლოზე მხოლოდ 1 წამი აენთო და ამერიკელებს მეორე ზეიმიც ჩაშხამდათ. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირმა 3 წამის გათამაშების უფლება მესამედ და უკანასკნელად მიიღო: თამაშში ბურთი ივან ედეშკომ შეიყვანა და პირდაპირ მეტოქის პერიმეტრისკენ გაგზავნა, სადაც ზუსტად ჩასაფრებული თანაგუნდელი ელოდა, რომელმაც ბურთი მეტოქის კალათში ზუსტად მოათავსა და საბჭოთა კავშირი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!..
მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე როგორც მოედანზე, ისე ცხოვრებაშიც განუყრელი მეგობრები იყვნენ, წარმოშობით ქუთაისელმა კალათბურთელებმა თბილისის "დინამოში" ერთად თითქმის 15 წელი ითამაშეს. 2004 წლის 25 იანვარს მიხეილ ქორქია, 13 დღის შემდეგ კი ზურაბ საკანდელიძე გარდაიცვალა.
2017 წელს, ანტონ მეგარდიჩევმა 1972 წლის ოლიმპიადის შესახებ ფილმიც გადაიღო, სახელწოდებით "3 წამი", სადაც ქართველი კალათბურთელების ცხოვრება, მეგობრობა და კარიერაცაა აღწერილი.