ილიას ზუროსი: "პირველი მატჩის მოგება ყოველთვის რთულია"
31 აგვისტოს, ევრობასკეტის დაწყებამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და კაპიტანმა, გიორგი შერმადინმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ ტურნირზე ისაუბრეს.
ილიას ზუროსი: "რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელია ძალიან დიდი დანაკლისია, პარკეტზეც და ვარჯიშებზეც ის გუნდის ლიდერი იყო, ის სტაბილურობას გვძენდა, რთულია მის გარეშე, თუმცა ეს უკვე წარსულია და ჩვენ მომზადება უნდა გავაგრძელოთ. ასევე, ყველა გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ევრობასკეტმა ტრავმების გარეშე ჩაიაროს, რადგან ეს სჭირდება როგორც ამ ტურნირს ასევე მის კარიერას.
ბელგია ძალიან კარგი და სერიოზული გუნდია. ჩვენ ვიცით რომ ტურნირის დასაწყისი ყოველთვის რთულია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მწყობრად დაცვაში. ძალიან დიდი მადლობა ფედერაციას რომ გვაქვს შანსი რომ ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს აქ, საქართელოში, იმედი მაქვს ქართველები, უგულშემატკივრებენ არამარტო საქართველოს, არამედ საერთოდ კალათბურთს.ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ბერლინში მოვხვდეთ, ყველაფერი ცხოვრებაში ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება და ამჯერად ჩვენ ჯგუფური ეტაპზე ვართ კონცენტრირებულები, მთავარი ამ მატჩების მოგებაა. ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებულები, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვა ჯგუფებზე, თუმცა ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ."
გიორგი შერმადინი: "იმედი გვაქვს რომ დარბაზი გავსებული იქნება, ჩვენ გვითამაშია ევრობასკეტი ქვეყნის გარეთ და შესაბამისად ცოტა გულშემატკივარი დაგვყვებოდა მატჩებზე, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს დღე როგორც იქნა დადგა და ქართველები სახლში გვიგულშემატკივრებენ. გუნდი მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის, ბელგია ძალიან კარგი და მებრძოლი გუნდია. ორი თვეა ერთად ვართ და ბევრი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ტურნირის გამარჯვებით დაწყება და იმედი გვაქვს გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე პირველ მატჩს, 1-ელ სექტემბერს ბელგიის წინააღმდეგ, 21:00-ზე, გამართავს.