Belive

ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში პირველი ვარჯიში გამართა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ფინეთში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 14 კალათბურთელი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრ urhea-ს დარბაზში, 2 საათის მანძილზე ავარჯიშა, რის შემდეგაც დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში სათამაშო ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ესაუბრა. 

საქართველო ნაკრებმა 13 კალათბურთელით ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე. ტრავმირებული გიორგი ოჩხიკიძე მოედანზე იყო, თუმცა ფეხის ტკივილმა მას აქტიურად ვარჯიშში ჩართვის საშუალება არ მისცა. პირველად ივარჯიშა ნაკრებთან ერთად კამარ ბოლდუინმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ჰელსინკიში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.

ვარჯიშის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთეს:

განწყობა ძალიან კარგია, პირველი ვარჯიში ჩავატარეთ და საკმაოდ წარმატებულადაც. ახალი ლეგიონერი გვყავს კამარ ბოლდუინი, პირველი ვარჯიშის შემდეგ რთულია რამის თქმა, მაგრამ ეტყობა, რომ დიდი ხარისხის მქონე მოთამაშეა და ძალიან დაგვეხმარება, ჩემი აზრით ის არის რაც გვჭირდება ამ თამაშებში. ასევე თოკოს ველოდებით სულმოუთქმელად, ისიც შემოგვიერთდება ფინეთთან პირველი თამაშის ჩასატარებლად. - ბექა ბურჯანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
ფინეთთან ძალიან მძიმე თამაში გველის, ვთამაშობთ ჰელსინკში, ისტორიაში უკვე წერია, რომ მათთან ერთი თამაში მოგებული გვაქვს. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ევროპის ჩემპიონატი ფინეთში ტარდება და ისინი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ტურნირზე გასულები არიან, ამიტომ თავისუფლად ითამაშებენ, ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, უნდა ვეცადოთ, ორივე თამაში როგორც ფინეთში, ასევე საქართველოში მოვიგოთ. ყველა ჩამოსულია, მატჩის დღეს თორნიკეც შემოგვიერთდება. მაინც ვფიქრობ, რომ გამოცდილება ჩვენს მხარეს არის, ისინი სახლში თამაშობენ და ვნახოთ ვინ აჯობებს, საკუთარ მოედანზე თამაში თუ გამოცდილება. - ვლადიმერ ბოისა - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები