Belive

დალასმა მინესოტას სერიის მესამე თამაშიც მოუგო

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის პლეი ოფის დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც ზუსტად ის მდგომარეობაა, რაც აღმოსავლეთში. "დალას მავერიქსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" სერიის მესამე თამაშშიც დაამარცხა (116:107) და ანგარიში 3:0 გახდა. ბადის მეორე მხარესაც "ბოსტონი" იმავე ანგარიშით ამარცხებს "ინდიანას", თითქმის გადაწყვეტილია, რომ სუპერფინალი სწორედ მავერიქსსა და სელტიკსს შორის შედგება, რადგან NBA-ის ისტორიაში 3:0-დან არცერთ გუნდს არ დაუქაჩავს.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს დალასის ლიდერებმა, ლუკა დონჩიჩმა და კაირი ირვინგმა. პარკეტზე მათ ერთნაირი დრო - 41 წუთი გაატარეს და გუნდს ზუსტად თანაბარი 33-33 ქულა მოუტანეს. სწორედ ეს ორნი იყვნენ ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშეები. ლუკამ 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, კაირიმ კი 3 მოხსნა და 4 პასი.

მინესოტას რიგებში სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა ენტონი ედვარდსმა, რომელსაც 43 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა და 9 ასისტი ჰქონდა. თამაშის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა მისი "დანქი" იყო, ახალგაზრდა ვარსკვლავმა განსაკუთრებული მომენტი შემოგვთავაზა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესაძლოა ლიგის ყველაზე ათლეტური კალათბურთელია.

სერიის მეოთხე შეხვედრაში დალასი ისევ საკუთარ არენაზე მიიღებს მოწინააღმდეგეს და გამარჯვების შემთხვევაში სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, მატჩი 29 მაისს შედგება. ერთი დღით ადრე კი ბოსტონი ითამაშებს და შესაძლოა მათაც მხოლოდ 4 შეხვედრა დასჭირდეთ სუპერფინალში გასასვლელად.

სხვა სტატიები