ბითაძემ ძირითადში დაიწყო და ნიუ იორკს მოუგო | მამუკელაშვილმა 7 წუთი ითამაშა
NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში ქართველების გუნდებმა ითამაშეს, "ორლანდო მეჯიქმა" ძირითადში დაბრუნებული ბითაძით "ნიუ იორკ ნიქსს" მოუგო (117:108), "სან ანტონიო სპურსი" კი "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან" 134:128 დამარცხდა, მამუკელაშვილმა პარკეტზე 7 წუთი და 30 წამი გაატარა.
ორლანდოს ძირითად შემადგენლობას გოგა ბითაძე დაუბრუნდა, მან ნახევარი საათი ითამაშა და 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 8-დან ოთხი 2-ქულიანი ჩააგდო, 8-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზთან და 5 სროლა გამოიყენა. 7 მოხსნიდან 3 მეტოქის ფარზე აიღო, ერთხელ კი ტექნიკური ფოლითაც დასაჯეს. +/- კოეფიციენტი ქართველს ყველაზე მაღალი ჰქონდა (+16).
goga bitadze is a baaaaaad man 😤 pic.twitter.com/fj6s4JDHLY
— Orlando Magic (@OrlandoMagic) December 30, 2023
19 მოგებითა და 12 მარცხით ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. ორლანდო მომდევნო შეხვედრას 1-ელ იანვარს, "ფინიქსთან" გამართავს.
go get that Goga
— Orlando Magic (@OrlandoMagic) December 30, 2023
cc: @jalensuggs pic.twitter.com/dtZReCNvyB
სან ანტონიოსა და პორტლენდის მატჩში მამუკელაშვილმა 7 წუთსა და 30 წამში 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, ქართველის 1 ორქულიანი ზუსტი იყო, პერიმეტრიდან 1 მცდელობა კი უშედეგო. სპურსს ვიქტორ ვემბანიამა აკლდა, გუნდში ყველაზე მეტი ქულა კი კელდონ ჯონსონმა დააგროვა (29 ქულა).
mamuuuuu 🔥 pic.twitter.com/MESWTBHxjm
— San Antonio Spurs (@spurs) December 30, 2023
სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზეა, 31 ჩატარებულ შეხვედრაში მათ მხოლოდ 5 მოგება აქვთ. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1-ელ იანვარს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ ითამაშებს.