ბანკერო დაბრუნდა | ორლანდო მილუოკისთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "ორლანდო მეჯიქმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 106:109 დამარცხდა. მეჯიქისთვის შესანიშნავი სიახლეა, რომ მათი ლიდერი, პაოლო ბანკერო პარკეტს 2 თვის შემდეგ დაუბრუნდა. ბანკერომ 34 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა - მან 21 სროლა განახორციელა.
ბანკეროს 21 სროლის ფონზე, არაა გასაკვირი, რომ გოგა ბითაძის შედეგიანობამ იკლო. ქართველმა თამაში ისევ ძირითად ხუთეულში დაიწყო, თუმცა საერთო ჯამში, ვენდელ კარტერმა 2 წუთით მეტი ითამაშა. გოგამ შეხვედრა 4 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ასისტით დაასრულა, ბითაძემ მხოლოდ 4-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს და 2-ჯერ ჩააგდო.
ბანკეროზე ბევრი ქულა მხოლოდ იანის ანტეტოკუნმპოს ჰქონდა. ბერძენმა ცენტრმა ორლანდოს 41 ქულა ჩაუგდო, აღსანიშნავია, რომ მან 10 საჯარიმოდან მხოლოდ 3 გამოიყენა. ორლანდო შემდეგ მატჩს "ფილადელფია სიქსერსის" წინააღმდეგ გამართავს.