Belive

A დივიზიონისთვის მოსამზადებლად U16 ნაკრები შეკრებას ლატვიაში გაივლის

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ერთადერთი ასაკობრივი ნაკრები, რომელიც საქართველოს ელიტარულ (A დივიზიონში) ჰყავს 16-წლამდელები არიან. შარშან, ამ დროს, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პიეშტში გამართულ B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა, რამაც A დივიზიონის საგზური მოიტანა. ქართველებმა მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი რუმინეთი – 70:68 დაამარცხეს. 

იმ შემადგენლობიდან წლევანდელ ნაკრებში 2 კალათბურთელია – მათე ხატიაშვილი და ილია სულაძე. დანარჩენები 2007 წელს არიან დაბადებულნი და 16-წლამდელებში თამაში აღარ უწევთ. საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის დარჩენა, A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.

მწვრთნელების მიერ საქართველოში ჩატარებული სასელექციო მუშაობისა და შეკრების შემდეგ ჩვენი ნაკრები, 15 კალათბურთელით, ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 2 აგვისტომდე დარჩება და 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

23-24 ივლისს უკრაინასთან - 2 მატჩი
26 ივლისი VS ლატვია
27 ივლისი VS ესტონეთი
1 აგვისტო VS ისრაელი
2 აგვისტო VS გერმანია

A დივიზიონი საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში გაიმართება. საქართველო C ჯგუფშია საფრანგეთთან, პოლონეთთან და სლოვენიასთან. 

გათამაშების სისტემა აქ სხვა ასაკობრივებისგან განსხვავებულია. ჯგუფში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ ყველა გუნდი პლეი ოფში (მერვედფინალში) გადაინაცვლებს, სადაც ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. A ჯგუფი ჯვარედინად B-ს დაუწყვილდება, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, საქართველოს მომავალი მეტოქე მერვედფინალში ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი ან იტალია იქნება. 

მერვედფინალში დამარცხებული გუნდები ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ. ტურნირის ბოლო 3 ადგილზე (14, 15, 16) გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. 

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები