ბორჯღალოსნებმა "შემოდგომის ერთა თასზე" ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ირლანდიასთან ბოლომდე დარჩნენ თამაშში და რომ არა შეცდომები, შედეგიც სხვა იქნებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში, შეტევა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს მოყვა. პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს ბორჯღალოსნებმაც – "შემოდგომის ერთა თასზე" პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოყვა.
აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ ორი ლელო ჰქონდა მიღებული, ორივე ინგლისისგან (7:18), უელსისგან კი სამი ჯარიმა მიიღო და 23 ქულის სხვაობით, 32:9 დაამარცხა.
საქართველო შოტლანდიასთან გამართული გასახურებული მატჩიდან მოყოლებული, მუდმივად პროგრესირებდა და ეს შედეგებზეც შესაბამისად ისახებოდა. მართალია ევროპულ ბობოლებთან ოთხივე თამაში დავთმეთ, მაგრამ ჩვენი თამაშის ხარისხის მატებასთან ერთად, სხვაობა მატჩიდან მატჩამდე მცირდებოდა.
მორაგბეებს ემატებოდათ თავდაჯერებულობა, სითამამე და უფრო აქტიურები იყვნენ შეტევაში. კონკრეტულად ირლანდიასთან გამოჩნდა, რომ ღია თამაშიდან თუ სტატიკიდან, გუნდს ბევრი ჰქონდა ნამუშევარი შეტევაზე, თანაც ისე, რომ დაცვას არაფერი დაკლებია. შესრულდა 219 ბოჭვა და გაფუჭდა მხოლოდ 15, მაგრამ დავთმეთ სამი ჩვენი დერეფანი, 11-ჯერ დაგვივარდა ბურთი და ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ, ეს შეცდომები არ გვაპატია. თანაბარად ვითამაშეთ შერკინებაში, სადაც გუნდები 4-4-ჯერ დაჯარიმდნენ და განსაკუთრებულად თავდადებულები ვიყავით დაცვაში.
მთლიანობაში გამოჩნდა – ბევრი ასეთი დონის თამაში აუცილებლად გახდება იმის წინაპირობა, რომ რამდენიმე წელიწადში ბორჯღალოსნები ექვსი ერის გუნდებთან ტოლ-სწორად ითამაშებენ და ეს სწორედ ის არის, რისკენაც გუნდი მიზან-მიმართულად ვითარდება.
კვესელაძის 50-მეტრიანი რეიდი
ირლანდიასთან დღემდე ოთხი თამაში გვქონდა ჩატარებული, აქედან სამი დუბლინში და მასპინძლები ყოველთვის იოლად, დიდი სხვაობით ახერხებდნენ გამარჯვებას. 2007 წლის მსოფლიო თასზე, ირლანდია გახდა პირველი ტიერ1-ის გუნდებიდან, რომელთანაც თამაში ბონუს-ქულის ფარგლებში (10:14) დავთმეთ და იყო შანსი, იგივე ახლაც გამეორებულიყო, მაგრამ დღეს ეს არ გამოვიდა.
საწყის 10 წუთში უმეტესად დაცვაში მოგვიწია თამაში. მეტოქემ ვერ დაგვძრა მოლსა და შერკინებაში, მაგრამ ვერც ჩვენ შევძელით ბურთის შენარჩუნება და მე-8 წუთზე, საკუთარ 22-ში რამდენიმე ფაზის მოგერიების შემდეგ, ბილი ბარნსმა ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. მანვე გარდასახვა გამოიყენა და რადგან საქართველო დაცვაში მაგრად დადგა, მე-14 წუთზე ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო.
თამაში რომ განახლდა თამაზ მჭედლიძემ სი’ჯეი სტანდერი ბურთის მიღებისთანავე აუტში გადაიყვანა. დერეფანში ბურთი სუფთად ვერ მოვიგეთ, თუმცა ის მაინც ჩავათამაშეთ მარჯვენა ფრთაზე და აკა ტაბუცაძემ ფეხით გადაკიდა, მაგრამ ლელოში ვეღარ დაეწია. ირლანდიამ თავისი 22-იდან განაახლა თამაში, სოსო მათიაშვილმა შებრუნებული პასით ხაზი კვესელაძეს გაარღვევინა, რომელმაც ფინტებითა და ცრუმოძრაობით კიდევ სამი მცველი ჩამოიცილა და ძელებსშუა შესრიალდა. აღსანიშნავია, რომ მას ერთბაშად სამი მორაგბე მიყვა და მასპინძელთა მცველებს საქმე ამანაც გაურთულა.
აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, რასაც მასპინძლებმა 22-ე წუთზე ჯარიმით უპასუხეს. მალე ბორჯღალოსნები კიდევ ერთხელ მიუახლოვდნენ მეტოქის 22-ს. მეტოქის მისსავე შერკინებაში დაჯარიმების შემდეგ, დერეფანში ბურთი მოვიგეთ და მოლს შალვა მამუკაშვილი მოწყდა, მერე აბჟანდაძემ მარცხენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა, მაგრამ ბურთი აუტში გადავიდა.
ტაიმის დასკვნითმა წუთებმა მასპინძლების შეტევებში ჩაიარა. ირლანდიელებმა ორჯერ შეძლეს ლელოში შესვლა, მაგრამ ორივეჯერ მცველები ჩაუჯდნენ ბურთში და ის არ დაამიწებინეს, ვიდეო-რეფერიმ კი, ერთი ლელო წინპასის გამო გააუქმა. და მაინც, ერთ-ერთ ეპიზოდში, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ მეტოქემ ფრთაზე გაიტანა ბურთი, სადაც ჰიუგო ქინენს დროც ჰქონდა და სივრცეც და მეორე ლელო გაიტანა – 20:7.