ელიტ-რაუნდის წინ: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელს აჯობა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2025 წელს გამარჯვებით იწყებს.
ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, წლის საწყისი ამხანაგური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელის წარმომადგენელ თანატოლებთან გამართა და 2:1 იმარჯვა.
მატჩის სტარტზე მეტოქე ეიად ხალაილის გოლით დაწინაურდა. წონასწორობა მალევე, მე-15 წუთზე, 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა სამუშიამ ეფექტური დარტყმით აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 89-ზე გიორგი მეფარიშვილმა გაიტანა, რომელმაც სტანდარტული სიტუაციიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.
2025 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში, საშინაო კედლებში, პოლონეთის, სლოვაკეთის და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება.
U19 | ელიტ რაუნდი
19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00