ბიქსენტ ლიზარაზუ: "კვარა ძალიან სწრაფია, შესანიშნავი დრიბლიორი და ბრწყინვალე პასი აქვს"
1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი, ბიქსენტ ლიზარაზუ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს და მის საფეხბურთო უნარ-ჩვევებს განიხილავს.
"არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-სთვის" გაძლიერება? დიახ, რადგან ის ძალიან სწრაფია, შესანიშნავი დრიბლიორია, ბრწყინვალე პასი აქვს და განსხვავების შექმნა ორივე ფლანგზე შეუძლია, მაგრამ, აკლია თუ არა გუნდს ასეთი ტიპის ფეხბურთელი? ჩვენ გვყავს ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე, დეზირე დუე, თუნდაც მცველებიც, ძალიან აქტიურად ერთვებიან შეტევაში: ნუნო მენდეში და აშრაფ ჰაკიმი, ასე რომ გუნდში ფეთქებადობაზე მეტად, სხვა სფეროები უფრო მეტად არის გასაძლიერებელი.
მიუხედავად ამისა, მე მომწონს ხვიჩა კვარაცხელია და მგონია, რომ ლუის ენრიკეს სათამაშო სისტემასთან ძალიან თავსებადია", - ამბობს 55 წლის ვეტერანი ფლანგის მცველი.
ბიქსენტ ლიზარაზუ და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წლების განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს ინაწილებდნენ. მათ ერთად, ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ კონფედერაციის თასი (2001 და 2003), ხოლო მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 4-ჯერ ბუნდესლიგა, სამჯერ გერმანიის თასი, ერთხელ გერმანიის ლიგის თასი, თითო ჯერზე კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს. მათ მოედანზე ერთად 154 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული, სანიოლის პასით კი ლიზარაზუმ გოლის გატანა "ბოხუმის" კარში მოახერხა.