ალექსანდრე კალანდაძე: "ამაყი ვარ ამ ისტორიულ გუნდში ტრანსფერით"
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე, "ფეჰერვარის" ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.
კარიერის საწყისი ეტაპი
ფეხბურთის თამაში ექვსი წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქამდე სხვა სპორტით ვიყავი დაკავებული. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჭადრაკის თამაში ბავშვობაში დავიწყე და საკმაოდ კარგადაც ვართმევდი თავს: რამდენიმე ადგილობრივი ტურნირი მოვიგე. ბავშვობაში ჭარბი წონა მქონდა, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ფეხბურთის თამაშის საშუალება მოეცათ, იმ იმედით, რომ ეს დამეხმარებოდა წონის დაკლებაში. ვიცი, ახლა სასაცილოა, მაგრამ ასეც მოხდა. აღმოჩნდა, რომ არც ფეხბურთის მოედანზე ვყოფილვარ მოუხერხებელი და თუ შემომხედავთ, მიხვდებით, რომ ამავე დროს, წონაში დაკლებაც მოვახერხე.
ხანდახან მაინც ვჯდები ჭადრაკის სათამაშოდ, მაგრამ ისეთი კარგი აღარ ვარ, როგორც ბავშვობაში. დღესდღეობით, ფეხბურთი ჩემი დროის უმეტეს ნაწილს იკავებს.
საქართველო
საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ყველას ვურჩევ, ვინც არ ყოფილა, თუ შეიძლება ერთხელ მაინც ეწვიოს ჩემს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, იმედი არ გაგიცრუვდებათ. თბილისში გავიზარდე, ცოტა არეული ქალაქია, მაგრამ მიყვარს. იქ იმდენი ხალხი არ ცხოვრობს, რამდენიც ბუდაპეშტში, მაგრამ ეს მართლაც დიდი ქალაქია. ცხადია, ყველას საკუთარი ქვეყანა ყველაზე ლამაზად მიაჩნია, მაგრამ მე ნამდვილად მოვუწოდებ ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეწვიონ საქართველოს!
ბავშვობის მისაბაძი ფეხბურთელი
კაკა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის "მილანში" თამაშობდა, მაგრამ მისაბაძს ვერ დავარქმევ, რადგან მე მცველი ვარ და ის თავდამსხმელი, მაგრამ ფაქტია, რომ მიყვარდა მისი თამაშის ყურება და ის ჩემი ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელია.

"დიოშგიორში" გატარებული პერიოდი
ცოტა ხნით ადრე, სანამ "დიოშგიორში" ტრანსფერის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვითამაშეთ. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ ნაკრებში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშე, უნგრელებს 4:2 მოვუგეთ. ვფიქრობ, ამ ტურნირმა დიდი გავლენა იქონია ჩემი კარიერის შემდგომ განვითარებაზე, დარწმუნებული ვარ, სწორედ მაშინ შემამჩნიეს. საბედნიეროდ, ჩემი ინტეგრაცია მარტივი გამოდგა, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მარტო არ ჩავსულვარ საქართველოდან, არამედ თბილისელ თანაგუნდელთან, გიორგი ომარაშვილთან ერთად.
მას შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არიან ჩემი თანამემამულეები, რომლებიც წარსულში თამაშობდნენ აქ, უნგრეთში. მაგალითად ილია ბერიაშვილი, ან ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ადრე თამაშობდა „ფეჰერვარში“, რომელსაც ეროვნული ნაკრებიდან ვიცნობ. უნგრეთის ჩემპიონატი ყველამ შეაქო, ძლიერი, ფიზიკური ლიგა, რომელიც ნამდვილად იდეალურია ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, როგორიც მე ვარ, რადგან აქ ბევრი რამის განვითარება შეგვიძლია.
საქართველოს ნაკრები და ვილი სანიოლი
სანიოლს ძალიან კარგ მწვრთნელად მივიჩნევ და მუდამ მადლობელი ვიქნები, რომ მენდობა და ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაშის საშუალება მომცა. ის დიდ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩვენი დაცვა იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი გუნდი ვართ რეგიონში, რაც გასულ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი წარმატებისთვის საგრძნობი გასაღები გამოდგა. ჯგუფიდან გასვლა ჩვენი ნაკრებისთვის ნამდვილად წარმატებაა. არასოდეს დამავიწყდება ჩემი სადებიუტო მატჩი ნაკრებში, ნორვეგიასთან ვითამაშეთ და ერლინგ ჰოლანდის სათამაშო ოსტატობასა და ფიზიკურ ძალას ახლოდან ვხედავდი. გულწრფელად, ეს ბიჭი ტერმინატორია, საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია კედლების გადალახვა, ძალიან რთული თამაში გამოდგა. ამავე დროს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
"ფეჰერვარში" ტრანსფერი
ძალიან ვამაყობ, რომ მომავალში ასეთი დიდი ტრადიციების მქონე გუნდის მაისურის ტარება შემიძლია. მსურს ვარჯიშზე ისე ვითამაშო, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაში დამეხმაროს და როცა მოედანზე ვიქნები, მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
სეკეშფეჰერვარი
სეკეშფეჰერვარი ძალიან მომწონს, მშვიდი და ლამაზი ქალაქია. მომწონს სიმშვიდე, რაც უხვად ახასიათებს ამ ქალაქს. მამაჩემიც აქ გადმოვიდა ჩემთან ერთად, მას პროფესიონალური ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ამ სპორტით ცხოვრობს. ასე რომ, მინდა "ფეჰერვარში" იმ მოტივაციით ვითამაშო, რომ ჩემით იამაყოს.